6-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან ბაქო-თბილისის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, რა დროსაც ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლითაც ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა, თუმცა დაკონკრეტებული არ არის როდიდან.
"დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის მიღწეული გადაწყვეტილებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგება", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.













