მალტის მთავრობამ ამერიკულ კომპანია OpenAI-თან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მალტის ყველა მაცხოვრებელს ChatGPT სერვისზე უფასო წვდომას აძლევს, იუწყება Reuters.

„მალტა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ მასშტაბის პარტნიორობა დაიწყო, რადგან ჩვენ არ ვუშვებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები ციფრულ ეპოქაში ჩამორჩნენ. ჩვენ ჩვენს ხალხს გლობალური ცვლილებების წინა პლანზე ვაყენებთ“, - განაცხადა მალტის ეკონომიკის, მეწარმეობისა და სტრატეგიული პროექტების მინისტრმა, სილვიო შემბრიმ შეთანხმების კომენტირებისას. მ

ან დასძინა, რომ მალტის მთავრობა აპირებს „უჩვეულო კონცეფციის პრაქტიკულ დახმარებად“ გარდაქმნას მოქალაქეებისთვის.

პროგრამის პირველი ფაზა, სახელწოდებით „ხელოვნური ინტელექტი ყველასთვის“, მაისში დაიწყება. უფასო გამოწერაზე წვდომას ზედამხედველობას გაუწევს მალტის ციფრული ინოვაციების ორგანო. ChatGPT Plus-ის გაფართოებული ვერსიის ერთი წლის განმავლობაში გამოსაყენებლად, მომხმარებლებს დასჭირდებათ განაცხადის შეტანა და მალტის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სპეციალური ონლაინ კურსის, „AI ყველასთვის“, დასრულება. პროგრამა ასევე ხელმისაწვდომი იქნება საზღვარგარეთ მცხოვრები მალტის მოქალაქეებისთვის. OpenAI-მ შეთანხმების ფინანსური დეტალები არ გაამჟღავნა.

ChatGPT Plus-ის გამოწერა თვეში 20 დოლარი ღირს. მალტის მოსახლეობა 574,200 ადამიანს შეადგენს.

„მალტა იმის მაგალითია, თუ როგორ შეუძლიათ მთავრობებს მისცენ მოქალაქეებს საშუალება, ისარგებლონ ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული პოტენციალით“, - განაცხადა ჯორჯ ოსბორნმა, OpenAI-ის ქვეყნების ხელმძღვანელმა.

2025 წლის სექტემბერში OpenAI-მ ასევე გამოაცხადა პარტნიორობა საბერძნეთის მთავრობასთან, სადაც ის გეგმავს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის დანერგვას საშუალო სკოლებსა და სტარტაპებში.

ამავდროულად, Anthropic-მა გამოაცხადა პროექტი, რომელიც ისლანდიის ყველა მასწავლებელს მისცემს წვდომას მის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ კლოდზე, რათა დაეხმაროს მას გაკვეთილების დაგეგმვაში, მასალების მომზადებასა და ადმინისტრაციული ამოცანების შესრულებაში. მანამდე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Anthropic-თან გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა გააუმჯობესოს მოქალაქეთა ჩართულობა მთავრობის ონლაინ სერვისებთან.