ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის, ხაზგასასმელია საქართველოსთვის 20 წლის ვადით ბუნებრივი გაზის მიწოდების, ასევე, ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის თაობაზე მთავრობათაშორისი შეთანხმებები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, ენერგეტიკულ სექტორში შეთანხმების ყოვლისმომცველი პაკეტი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც 2003 წელს არის გაფორმებული, ვადა ამოეწურა, შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და 20 წლის ვადით გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული თანამშრომლობისთვის სამხრეთკავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლითაც ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის მიღწეული გადაწყვეტილებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგება.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში გაფორმებული ყოვლისმომცველი პაკეტი ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა, რომელიც კიდევ უფრო

გააღრმავებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში აზერბაიჯანთან სტრატეგიულ შეთანხმებებს მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბაქოში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს ხელმძღვანელები.