აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილმა კომპანიამ, SOCAR Turkiye Enerji-მ, თურქულ კომპანია Gama Enerji-სთან 870 მეგავატიანი Gama Enerji İç Anadolu ელექტროსადგურის თურქეთში შესყიდვის გარიგება დაასრულა.

ამის შესახებ თურქული მედიასაშუალებები იუწყებიან.

„თურქეთში, SOCAR Turkiye Enerji-ს ეგიდით, 2 თებერვალს ექსპლუატაციაში შევიდა 870 მეგავატიანი ცენტრალური ანატოლიის კომბინირებული ციკლის გაზის ტურბინის ელექტროსადგური (CACGTPP), რითაც დასრულდა ყიდვა-გაყიდვის პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ეს ელექტროსადგური, როგორც თურქეთის ერთ-ერთი სტრატეგიული ენერგეტიკული ცენტრი, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისთვის.

„ამ შეძენით, SOCAR Turkiye აძლიერებს არსებულ ენერგომომარაგებისა და ვაჭრობის ოპერაციებს, ასრულებს გაზიდან ელექტროენერგიის ღირებულებათა ჯაჭვს და მნიშვნელოვნად ზრდის პორტფელის მოქნილობას და ბაზრის მდგრადობას ელექტროენერგიის ვაჭრობის მხარდაჭერით საკუთარი გენერაციის სიმძლავრის მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, თურქეთში 870 მეგავატიანი „გამა ენერჯი იჩ ანადოლუს“ ელექტროსადგურის გაყიდვისა და შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერა „სოკარ თურქიე ენერჯისა“ და „გამა ენერჯის“ შორის 2025 წლის 23 დეკემბერს, აზერბაიჯან-თურქეთის მეორე საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში შედგა.

შეთანხმების თანახმად, 870 მეგავატიანი ელექტროსადგურის 100% „სოკარს“ გადაეცემა. ტრანზაქციის ღირებულება 225 მილიონი დოლარია.

აღინიშნა, რომ ეს ინვესტიცია არა მხოლოდ აძლიერებს „სოკარის“ პოზიციას თურქეთის ელექტროენერგიის წარმოების სექტორში, არამედ ხელს უწყობს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.