კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2025 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 37%-ით გაიზარდა და 106.8 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 43%-ით გაიზარდა და 99.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.
ტელევიზიებისთვის 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 82%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, რაც თითქმის 82 მილიონია. 11% - პროდუქტის განთავსებიდან მიღებული შემოსავალი იყო, რაც 10.6 მილიონი ლარია, ხოლო 7% - სპონსორობამ, რამაც 6.8 მილიონი ლარი შეადგინა.
რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი 9%-ით 7.6 მილიონ ლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება 2025 წლის მხოლოდ IV კვარტალს, ამ პერიოდში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 72%-ით გაიზარდა და 41.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, IV კვარტალში მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავალი 82.5%-ით გაიზარდა და 39.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.












