ელექტრომოწყობილობის მწარმოებელი, ფრანგული ჯგუფი Legrand, წყვეტს რუსეთში მუშაობას, მაგრამ ჯგუფის მიერ აშენებული ქარხანა ულიანოვსკში გააგრძელებს მუშაობას.

„ბოლო განვითარებული მოვლენების ფონზე, მათ შორის ოპერაციების მზარდი სირთულისა და გაურკვევლობის გათვალისწინებით, Legrand-მა გადაწყვიტა უარი თქვას ოპერაციებზე რუსეთში და ამჟამად განიხილავს ვარიანტებს მისი კონტროლის დროულად და მოწესრიგებული გადაცემისთვის“, - ნათქვამია ჯგუფის ვებსაიტზე.

აღნიშნულია, რომ Legrand-ის საქმიანობა რუსეთში 2022 წელს შეადგენდა გაყიდვების დაახლოებით 1,5%-ს.

„2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფის საბალანსო ზემოქმედება რუსეთის მიმართ, სავალუტო რეზერვების ჩათვლით, შეადგენდა დაახლოებით 200 მილიონ ევროს, საიდანაც დაახლოებით 150 მილიონი ევრო იქნება აღიარებული 2022 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, როგორც აქტივების გაუფასურება“, - ნათქვამია პრესრელიზში.

Legrand-ს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის საუკეთესო ვარიანტი ყველა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, რათა უზრუნველყოს „ადგილობრივი ოპერაციების გრძელვადიანი უწყვეტობა თავისი თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის“.

ულიანოვსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი რუსკიხმა გამართა შეხვედრა Legrand-ის აღმასრულებელ დირექტორთან რუსეთში და დსთ-ში, პასკალ დეკონსთან და Kontaktor JSC-ის დირექტორთან (ჯგუფს ეკუთვნის) ლუდმილა ნეკრასოვას.

ქარხანა გააგრძელებს მუშაობას

"სანქციების ზეწოლის ქვეშ ფრანგული კომპანია Legrand იძულებულია დატოვოს რუსეთი. მიუხედავად საგარეო პოლიტიკური ვითარებისა, ჩვენს რეგიონში ქარხანა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. გუნდი გადარჩება", - წერს რუსკიხი თავის Telegram-ის არხზე.

”ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა ეს ასპექტი, მივიღეთ არაერთი გარანტია”, - აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უამრავ პოტენციურ ინვესტორთან.

როგორც ცნობილია, Legrand-მა ააგო ქარხანა დაბალი ძაბვის გადართვის მოწყობილობების წარმოებისთვის ულიანოვსკში, ზავოლჟიეს ინდუსტრიულ პარკში. ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 1,5 მილიარდი რუბლი. იგეგმებოდა პროდუქციის ნაწილის გადატანა კონტაქტორის ქარხნიდან, რომელიც Legrand-მა 2007 წელს შეიძინა.

Legrand Group არის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი ელექტრო მოწყობილობების წარმოებაში.

სანდრო პირველი