რუსეთი გეგმავს ინდოეთიდან 1 მილიონი შრომითი მიგრანტის მოზიდვას, რათა კომპენსირება გაუწიოს მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტს.

ამის შესახებ ურალის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა ანდრეი ბესედინმა განაცხადა.

„რამდენადაც ჩემი ინდოელი კოლეგებისგან გავიგე, წლის ბოლომდე ინდოეთიდან რუსეთში 1 მილიონი სპეციალისტი ჩამოვა, მათ შორის სვერდლოვსკის ოლქიდან. ეკატერინბურგში ამ ქვეყნის ახალი გენერალური საკონსულო იხსნება, რომელიც ამ საკითხებს მოაგვარებს“, - განმარტა მან სააგენტო EAN-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთის სამრეწველო საწარმოებს წარმოების სიმძლავრის გაზრდა სჭირდებათ, მაგრამ რეგიონი შრომის მწვავე დეფიციტს განიცდის. ზოგიერთი თანამშრომელი უკრაინაში ე.წ. "სპეცოპერაციაშია" ჩართული, ახალგაზრდებს კი ქარხნებში მუშაობის სურვილი არ აქვთ, რაც, ბესედინის თქმით, „ქვეყანაში ადრე დაშვებული იდეოლოგიური შეცდომით“ არის განპირობებული.

ინდოეთის გარდა, მუშაობა ასევე მიმდინარეობს შრი-ლანკასთან და ჩრდილოეთ კორეასთან. თუმცა, როგორც პალატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ ქვეყნებიდან შრომით მიგრანტებთან თანამშრომლობა შესაძლოა რთული აღმოჩნდეს.

ახალი მუშები, ძირითადად, მეტალურგიულ და მანქანათმშენებლობის ინდუსტრიებში გაიგზავნებიან, სადაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებია საჭირო.

თავის მხრივ, სახელმწიფო სათათბიროს შრომის, სოციალური პოლიტიკისა და ვეტერანთა საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, იაროსლავ ნილოვმა, NEWS.ru-ს განუცხადა, რომ ურალის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, ანდრეი ბესედინის გეგმები, სვერდლოვსკის რეგიონში ინდოეთის, შრი-ლანკისა და ჩრდილოეთ კორეის მილიონი მოქალაქე ჩამოიყვანოს მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად, უცნაურია. მისი თქმით, გარე შრომითი რესურსების მოზიდვის კვოტები 1 მილიონზე მნიშვნელოვნად ნაკლებია.