საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „ბაზისბანკის“ მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო.
საქართველოს ეროვნულ ბანკში Business Insider Georgia-ს დაუდასტურეს, რომ ბაზისბანკის მიერ ლიბერთის აქციების შესაძლო შეძენის შესახებ განაცხადი სებ-ში უკვე შესულია და ახლა ქვეყნის ცენტრალური ბანკი ბაზარზე კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს.
„საქართველოს ეროვნულ ბანკში დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება "ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის შესახებ" შესაბამისად, რომელიც მოიაზრებს "ბაზის ბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" პოტენციური შეძენის შემთხვევაში კონცენტრაციის ზეგავლენის შეფასებას. საკითხთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განმარტავენ სებ-ში.
2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ლიბერთის მთლიანმა აქტივებმა 4.100.573.440 ლარი შეადგინა, ხოლო ბაზისბანკის 2.193.097.146 ლარი.
რაც შეეხება მთლიანი სესხების პორტფელს, 2025 წლის პირველ კვარტალში ლიბერთისშემთხვევაში ის 2.874.645.973 ლარის დონეზე იყო, ხოლო ბაზისბანკი - 1.522.009.551 ლარი.
2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებითვე, ლიბერთის ჯამურმა დეპოზიტების მაჩვენებელმა 2.455.772.839 ლარი შეადგინა, ხოლო ბაზისბანკის შემთხვევაში ის 1.395.260.095 ლარის დონეზე იყო.
იმავდროულად 2025 წლის პირველ კვარტალში ლიბერთის კაპიტალი 5,16%-ით გაიზარდა, ხოლო ბაზისბანკის 3,74%-ით.
როგორც გასულ თვეში ლიბერთის აქციების მფლობელმა, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ირაკლი რუხაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, ბაზისბანკთან მოლაპარაკებები გასულ წლებში ჰქონდა, თუმცა მაშინ გადაწყვეტილების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.
სს „ლიბერთი ბანკი“ (შემდგომში –„ბანკი“) არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე 1993 წელს ჩამოყალიბებული სააქციო საზოგადოება. ბანკი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში –„სებ“) მიერ 1993 წლის 10 თებერვალს გაცემული #3500/10 ზოგადი საბანკო ლიცენზიის საფუძველზე (საიდენტიფიკაციო კოდი: 203828304).
„ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი.“, ნიდერლანდების სამეფოს კანონმდებლობის მიხედვით დაფუძნებული და მოქმედი კომპანია, არის ბანკის მშობელი საწარმო და ფლობს მის 98.51%–იან სააქციო წილს.
ბანკი წარმოადგენს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულ კომპანიას და მისი ჩვეულებრივი აქციები განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელია ლიბერთი ქვეყნის რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. რაც შეეხება ბაზისბანკს ის ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაა და სიდიდის მიხედვით ქვეყნის მეოთხე ბანკს წარმოადგენს.
Business Insider Georgia