ერაყის ტერიტორიაზე ირანული გემების თავდასხმის შედეგად, ორი ნავთობტანკერი აფეთქდა - დაღუპულია 1 ადამიანი. მომხდარის გამო, შეჩერებულია ქვეყნის ნავთობ-ტერმინალების მუშაობა.

რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო, შეერთებულმა შტატებმა ქვეყნებს 11 აპრილამდე უფლება მისცა, შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პუტინის სპეციალური წარმომადგენელი. კირილ დმიტრიევი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ვაშინგტონმა აღიარა, რომ რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„ეს ვიწროდ სპეციალიზებული, მოკლევადიანი ღონისძიება მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება და რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.