„მისასალმებელია, რომ ციფრული აქტივების მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bybit ქართულ ბაზარზე შემოვიდა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვა დაიწყო“, - ნათია თურნავა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოწინავე გლობალური კომპანიის ქვეყანაში შემოსვლა საქართველოს საფინანსო სექტორის დინამიკურ განვითარებას ადასტურებს.

სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკისთვის ახალი მოთამაშეების შემოსვლა და კონკურენციის ზრდა პრიორიტეტულია, რაც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და სერვისების ხელმისაწვდომობას განაპირობებს.

ნათია თურნავამ ფინანსურ ტექნოლოგიებში რეგიონულ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბდა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირს გააძლიერებს.

თავის მხრივ, Bybit-ის CEO-მ და თანადამფუძნებელმა ბენ ჟოუმ სიტყვით გამოსვლისას კომპანიის საქართველოთი დაინტერესების შესახებ ისაუბრა.

„სასიხარულოა, რომ საქართველო კრიპტოადაპტაციის განვითარების მხრივ მაღალ დონეზეა, სტეიბლკოინების ადაპტაციისა და რეგულატორული ჩარჩოების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია. ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც სხვა რეგიონებში ვაწყდებით, საბანკო წესები და რეგულაციური შეზღუდვებია“, - აღნიშნა ბენ ჟოუმ.