ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა მიიჩნევს, რომ CIPS-ის სისტემაში (ჩინეთის ბანკთაშორის საგადახდო სისტემაში) ჩართვა კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკური კავშირებს ჩინეთთან და გადახდის მექანიზმს უფრო მოქნილს გახდის.

,,სვიფტიდან" თუ გაგვთიშავენ, ჩვენი პარტნიორი დარჩება ჩინეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ამ სისტემაშია გაწევრიანებული. თავის დაზღვევა არავის შეუშლის ხელს. ისევე როგორც რეზერვების განთავსება ჩინური იუანში, რაც ასევე რისკების დაზღვევის ერთ-ერთი მექანიზმია. მიმდინარე პროცესები არაპროგნოზირებადია. საქართველო პატარა ქვეყანაა და ცდილობს, როგორმე გადარჩეს.

ჩინეთის საგადახდო სისტემასთან მიერთება არა მარტო  დააზღვევს რისკებს, ბევრად  გააადვილებს ურთიერთობას ამხელა ქვეყანასთან, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორია. ამიერიდან ეს კავშირი გახდება ბევრად უფრო იაფი და მარტივი,

აქედან გამომდინარეც, არ მიმაჩნია ნეგატიურ პროცესად, პირიქით, კიდევ უფრო გაღრმავდება ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა. ძალიან ცუდი იქნება, თუკი "სვიფტიდან" საქართველოს გათიშავენ, აუცილებლად დავზარალდებით, მაგრამ ჩინეთთან პირდაპირი ანგარიშსწორება მოგვცემს გარანტიას, რომ შევძლებთ რაღაც სერიოზული პრობლემის მოგვარებას, როგორიცაა სასაქონლო დეფიციტი და სხვა. მთლიანობაში, დადებით ტენდენციას ეყრება საფუძველი", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ლია ელიავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 4 კომერციული ბანკი ჩინეთის ბანკთაშორის საგადახდო სისტემაში გაწევრიანებას იწყებს. ეს არის CIPS-ი, რომელიც  განკუთვნილია როგორც ჩინური, ისე უცხოური ბანკებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტიანად განახორციელონ იუანით ტრანზაქციები გლობალურ დონეზე.