რუსი მილიარდერების რაოდენობამ ახალ რეკორდს მიაღწია. მსოფლიოს უმდიდრესი ბიზნესმენების სიაში 155 რუსია; წინა რეკორდი 2025 წელს დამყარდა, როდესაც მასში 146 ადამიანი მოხვდა.

ამის შესახებ Forbes-ი წერს.

ინფორმაციის თანახმად, უმდიდრესი რუსების ერთობლივმა სიმდიდრემ გასულ წელს ახალ რეკორდს - 696,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Severstal-ის დამფუძნებელი ალექსეი მორდაშოვი რუს ბიზნესმენებს შორის ახალი ლიდერი გახდა; ბოლო წლის განმავლობაში, მეწარმისა და მისი ოჯახის სიმდიდრე რუსებისთვის რეკორდულ 37 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

„ეს მოხდა ოქროს ფასების სწრაფი ზრდის და, შესაბამისად, მისი კომპანიის, Nordgold-ის შეფასების ზრდის წყალობით“, - წერს Forbes.

მას მოჰყვა Norilsk Nickel-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პოტანინი, რომლის წმინდა ქონება დაახლოებით 29,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზე ნავთობკომპანია Lukoil-ის დამფუძნებელი ვაგიტ ალეკპეროვი გავიდა 29,5 მილიარდი დოლარით.

სიის ქვემოთ არიან „ნოვატეკის“ აღმასრულებელი დირექტორი ლეონიდ მიხელსონი და მისი ოჯახი (28.3 მილიარდი დოლარი) და სულეიმან კერიმოვი და მისი ოჯახი (25.7 მილიარდი დოლარი).

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეიტინგს ცხრა ადამიანი დაემატა.

„დოლარის შესუსტებამ რუსი მილიარდერების სასარგებლოდ იმოქმედა - რუბლი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გამყარდა. თუ ერთი წლის წინ 80 მილიარდი რუბლის წმინდა ქონება, დოლარებში გადაყვანილი, არასაკმარისი იყო Forbes-ის გლობალურ რეიტინგში მოსახვედრად, 2026 წელს ამ ზომის რუბლებში წმინდა აქტივების მქონე ბიზნესმენებს აქვთ შანსი, რომ სიაში მოხვდნენ - მიმდინარე გაცვლითი კურსით, მათი ქონება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს“, - განმარტავს Forbes.