კომპანია "ქარმარკის" დირექტორის ირაკლი კუხიანიძის განცხადებით, ავტომობილების განბაჟების ახალმა ტარიფმა შესაძლოა იაფფასიანი, დაბალი სეგმენტის ავტომობილების შემოსვლა გაზარდოს, რაც ეკოლოგიის გაუმჯობესებას ხელს არ შეუწყობს.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილება, კომპანიის გაყიდვებს, დაახლოებით, 40%-ით შეამცირებს.

"ახალი ტარიფები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და ძველ მანქანებს არ ერგება. როდესაც ავტომობილს 2000 დოლარად ყიდულობ 3000 დოლარი განბაჟება ჯდება, რაც ალოგიკურია. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს - მაშინ ტექდათვალიერებას უნდა მიეხედოს. ასე, რომ ეს ძალიან ცუდი იქნება და დაეტყობა როგორც ბიზნესს, ისე მოსახლეობას.

ჩვენი გაყიდვების 65% 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილები იყო და აქედან გამომდინარე, მოსახლეობა რომც გადაეწყოს 6 წელზე უფრო ახალგაზრდა ავტომობილებზე - 40%-ით მაინც დაიკლებს გაყიდვები. 

ახლა, სავარაუდოდ, როდესაც მოსახლეობა და ბიზნესი ახალ კანონებზე დაიწყებს შეგუებას -  ქვეყანაში უფრო მეტად იაფიანი, დაბალი სეგმენტის ავტომობილების შემოსვლა გაიზრდება, რაც ეკოლოგიის გაუმჯობესებას არანაირად არ დაეხმარება. 2020-ის ზევით ავტომობილები, არ ნიშნავს, რომ ამ დრომდე გამოშვებულ ავტომობილებს სჯობს. პირველ რიგში, ტექდათვალიერების საკითხი უნდა მოეგვარებინათ. 

ელექტრო ავტომობილების განბაჟება ნულოვანია, თუმცა ამ ტიპის ხარისხიანი ავტომობილი ძვირი ღირს. თუ ელექტრო ავტომობილებს შემოვიყვანთ, მაშინ უნდა შემოვიყვანოთ ჩინური ავტომობილები და აქ, მეორე პრობლემას ვაწყდებით. ელემენტების დაზიანების და ვადის გასვლის შემდეგ - ეს კიდევ უფრო საზიანოა ეკოლოგიისთვის, ვიდრე სხვა გამონაბოლქვი. ელემენტებს უტილიზაცია და გადამუშავება სჭირდება. აღნიშნული გადამუშავებისთვის კი ქარხნები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ არის და გლობალური პრობლემაა", - აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფით ჩანაცვლდება. 

BP.GE