როგორც ევროკომისიის ახალ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ევროკომისიამ დაადასტურა სასანქციო კანონმდებლობის ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილებით ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა იკრძალება.

ამასთან, იზღუდება რუსების პირადი ნივთებით, როგორიც არის სმარტფონები, სამკაულები, ლეპტოპები, რაც აკრძალულ იმპორტად ითვლება.

„არ აქვს მნიშვნელობა, ავტომობილი კერძო თუ კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება, რადგან ის XXI დანართში ჩამოთვლილ საბაჟო კოდებს ექვემდებარება, რომლებიც რუსეთში წარმოებულ ან რუსეთიდან ექსპორტირებულ საქონელს შეეხება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პერიოდით შედის ევროკავშირში ავტომობილი რუსული ნომრით და რა საბაჟო პროცედურას გადის, როგორიც არის, მაგალითად, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება თუ დროებითი იმპორტი.

ამასთან, ევროკომისია განმარტავს, რომ ევროკავშირის თითოეული ქვეყანა თავად წყვეტს, თუ როგორ შეასრულოს სანქციები და ევროკომისიის აღნიშნული განმარტებები იურიდიულად სავალდებულო არ არის.