უკვე არაერთი წელია, საქართველოს ბანკისთვის განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი არაერთ ბიზნესს მზისა თუ ქარის ელექტროსადგურების მოწყობისა და განვითარებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას უწევს. ასევე, ეხმარება რესურსების დაზოგვასა და ენერგოეფექტურობის მიღწევაში. ამ მიზნით, ბანკმა კომპანია შაინ ენერჯისთან ერთად, ბიზნესებს მზის ელექტროსადგურის მოწყობისთვის შეღავათიანი პირობებიც შესთავაზა.
Shine Energy-ის სერვისითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა აგროჰაბმა, რომელმაც გასულ წელს 4000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მზის ელექტროსადგური მოაწყო.
აგროჰაბი ათწლიან ისტორიას ითვლის და დღეს უკვე ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტის ექვს ფილიალსა და სხვადასხვა მიმართულების საწარმოს აერთიანებს: მათ შორის რძის გადამამუშავებელ, ხორც-პროდუქტების, ნახევარფაბრიკატების საწარმოებს, საკონდიტროს, საცხობს, ცივი და ცხელი კულინარიის მიმართულებას, ფერმასა და სათბურს.
მზის ელექტროსადგური კომპანიამ ავჭალაში, ცენტრალური წარმოების და საწყობის სახურავზე მოაწყო, მისი სიმძლავრე კი 625 kW (DC)-ია.
„პირობები საკმაოდ ხელსაყრელი იყო, კმაყოფილები ვართ და კარგი ინიციატივაა ალტერნატიული ენერგიების განვითარებისთვის. ამასთან, საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით. ამ პროექტის შემდეგ ვფიქრობთ, განვიხილოთ სადგურის სხვა ლოკაციებზე მოწყობაც“, — ამბობს გიორგი ილურიძე, აგროჰაბის ფინანსური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ინვესტიცია 230 000 აშშ დოლარი იყო, რომელიც სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ინვესტიციას წარმოადგენს.
„მოხარული ვართ, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების წახალისებით, არა მხოლოდ წვლილი შეგვაქვს გარემოზე ზიანის შემცირების პროცესში, არამედ ხელს ვუწყობთ გრძელვადიანი ღირებულებების მქონე პროექტების განხორციელებას ბიზნესში. განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული პროექტების მხარდაჭერით, ჩვენ ბიზნესებს საოპერაციო ეფექტურობის მიღწევასა და ხარჯების შემცირებაში ვეხმარებით. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მწვანე, მდგრადი ენერგო პროექტების განვითარებისთვის ფინანსური ინვესტიციების განხორციელებას“, — აცხადებს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.
Shine Energy, რომლის შეთავაზებითაც აგროჰაბმა ისარგებლა, მზის ელექტროსადგურების საპროექტო და სამშენებლო კომპანიაა და ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდული სისტემების მშენებლობას უზრუნველყოფს. უსაფრთხო, სუფთა და ამოუწურავი ენერგიის ათვისებასთან ერთად, Shine Energy-ის მთავარი მისიაა სოციალური, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში საკუთარი წვლილის შეტანა.
„განვითარების პროცესში, დიდი როლის მატარებელია განახლებადი ენერგიის ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობა, სანდო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, სხვადასხვა შეთავაზება და სუბსიდია, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს პროექტების განხორციელებასა და კომპანიის გაძლიერებას. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობის შესაძლებლობა მოგვეცა. ბიზნესის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს შეთავაზებას. ამ დრომდე რამდენიმე პროექტი დავადასტურეთ და მშენებლობის ეტაპზე გადავდივართ, ხოლო რამდენიმე კი პროექტირების ეტაპზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შევამცირეთ პროექტების განხორციელების ვადა, რაც დამატებითი კომფორტია ჩვენი მომხმარებლებისთვის”, — ამბობს ნინა გადელია, კომპანია Shine Energy-ის დამფუძნებელი.
საგულისხმოა, რომ ამჟამად, Shine Energy საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს. უფასო პროექტირებასთან ერთად, ბიზნესები სადგურის მშენებლობაზე 18%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ.
“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი ობიექტი გადავიდეს მზის ენერგიაზე და გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. გვჯერა, რომ საქართველოში გვაქვს პოტენციალი, მზის ენერგია მაღალ დონეზე იქნეს ათვისებული და შემდგომ ყოველდღიურობაში დანერგილი. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია და რაც მთავარია — რესურსი, ამ ცვლილებებში დიდი წვლილი შევიტანოთ”, — ამბობს ნინა გადელია.