მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ 1-1,2 მლრდ ნაყიდი გვექნება წელს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ რეზერვებზე საუბრისას განაცხადა.
თურნავას თქმით, შემოდინებების ძირითად წყარო დღეისათვის ექსპორტი და გზავნილებია.
„ამას ახლა უფრო მეტი დაბეჯითებით ვამბობ იმიტომ, რომ ვუყურებ ტენდენციებს, თუმცა რთულია ზუსტი ციფრების დასახელება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეზერვების შევსება, მაგრამ ყოველთვის ვაკვირდებით ბაზარზე არსებულ ვითარებას. ვითარება ისეთია, რომ შემოდინება საკმაოდ ძლიერია. თუ შევხედავთ ბოლო პერიოდს, მაისის მონაცემები რაც არის ხელმისაწვდომი და გამოქვეყნებული, ძირითადი შემოდინების წყარო ეს არის ექსპორტი და ეს არის გზავნილები. გზავნილები კარგად გაიზარდა, დაახლოებით 12%-ი იყო ზრდა. ექსპორტი - ასევე კარგად გაიზარდა, 15,7%-ი იყო ზრდა. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ექსპორტი კარგად იზრდება, 10%-ზე მეტით. რატომ ვუსვამ ამას ხაზს, იმიტომ რეექსპორტის ნაწილიც საკმაოდ მსხვილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა და აქაც ძლიერი ტენდენციაა. ეს ორი ძირითადი არხია, რომელიც გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში გამოიკვეთა. გარდა ამისა კვლავაც გრძელდება ლარიზაციის ტენდენცია, დეპოზიტები განსაკუთრებით იურიდიულ პირებს რაც აქვთ ანგარიშებზე თანხები, თუ ვინმეს ჰქონდა დოლარი, ან ზედმეტად ნაყიდი გაურკვევლობის პერიოდში, ხდება მისი გადალარება“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
თურნავას თქმით, გაურკვევლობის პერიოდში სტაბილურობას სებ-ს ჩარევების გარდა, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამაც შეუწყო ხელი.
„ეს იყო გაურკვევლობის პერიოდი, მაგრამ მოკლეხნიანი. რა თქმა უნდა მათ შორის ჩვენმა ჩარევამაც შეუწყო ხელი, მაგრამ მთლიანობაშიც სტაბილურობამ შეუწყო ხელი და აქედან გამომდინარე ჩანს სტაბილურობა ლარის მიმართ. ხდება გადალარება დეპოზიტების და სხვათაშორის თუ შევხედავთ ჩვენ საბანკო დეპოზიტების სტატისტიკას ლარიზაციის პროცენტი მატულობს, დედოლარიზაცია მიმდინარეობს და დაახლოებით 1,2%-ით არის გაზრდილი წილი ლარში დედომინირებული დეპოზიტების. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნახევარი-ნახევარზეა. თუ ავიღებთ 15 წლის წინ 75%-ი იყო და მეტიც, მაგრამ აქ მთავარია ბოლო თვეების მაჩვენებელი და ჩანს, რომ სწორი იყო მიდგომა. ვინაიდან სავალუტო ბაზარზე არის სტაბილურობა, ნდობა ლარის მიმართ იზრდება და ლარიზაციის კოეფიციენტიც მატულობს. ესეც არის ერთ-ერთი წყარო ბაზარზე დოლარის მიწოდების და ჩვენ ამითი ცხადია ვსარგებლობთ.
დღეს გამოქვეყნდება რეზერვების სტატისტიკა, მე რა თქმა უნდა არ გავუსწრებ მოვლენებს და ციფრს არ ვიტყვი. გვექნება ზრდა, ზრდის ტენდენცია. მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ რეზერვების როგორც შევსება ხდება, ასევე რეზერვებიდან კანონზომიერი ხარჯვაც ხდება. ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც ემსახურება საგარეო ვალის მომსახურებას. ჩვენი ამოცანაა მოხერხდეს ისე აკუმულირება, რომ ყოველთვის პოზიტიური და ზრდის ტენდენცია იყოს. ჩვენ ამის საშუალებას ვხედავთ. ასევე ასეთ მახასიათებელსაც ვიტყვი, ძალიან იშვიათია, პრინციპში არც მე და არც ჩვენს კოლეგებს არ გვახსენდება, როდესაც ამ პერიოდში ხდებოდეს ერთდროულად სებ-ის მიერ რეზერვების შევსებაც და კომერციული ბანკების მიერ დოლარის ყიდვა დივიდენდებისათვის. ეს ის პერიოდია, როდესაც დივიდენდებს ყიდულობენ ჩვენი ბანკები. ეს ცალკე დაწოლაა ბაზარზე და ასეთ დროს სებ-ი როგორც წესი ან ჩერდებოდა, ან აქეთ უწევდა მიწოდება დოლარის იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ზედმეტი რყევები. ახლა ერთმანეთს ვასწრებთ. დივიდენდების შეძენაც ისე მოხდა, რომ ბაზარს პრაქტიკულად არ უგვრძნია და ჩვენც ამ პერიოდში არ გავჩერებულვართ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.