ვახტანგ იობაშვილი: „მთავარია სტაბილურობა შენარჩუნდეს ქვეყანაში, დღესვე შიეძლება იმის თქმა, რომ დეფიციტი არ გვემუქრება“

ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება. აშშ-ის მიერ ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვამ კი დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა, რამაც კონფლიქტი ახალ დონეზე აიყვანა. ბევრი შიშობს, რომ ეს ცუდ სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს.

არის მოლოდინი, რომ ნავთობის ფასი, შესაძლოა, 100 დოლარსაც გადასცდეს, გაძვირებული საწვავი კი ყველა მიმართულებით ფასების ზრდას გამოიწვევს, მათ შორის, სამომხმარებლო პროდუქტებზეც. ასეთია ირან-ისრაელის სამხედრო დაპირისპირების ფონზე შექმნილი რეალობიდან მომდინარე პროგნოზი. ამ მომენტისთვის 1 ბარელის ღირებულება უკვე უახლოვდება 80 დოლარს. კონფლიქტის მოგვარების რაიმე შესაძლებლობა კი ჯერ არ ჩანს.

თუმცა ასეთ მოსაზრებას არ იზიარებს  საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი, რომლის თქმითაც, ფასთან დაკავშირებით პროგნოზი ახლა წარმოუდგენელია, რადგან უცნობია, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი და  მიწოდების რაოდენობის კუთხით რა სიტუაცია შეიქმნება.

,,საქმე ისაა, რომ ირანის მხრიდან მიწოდების რაოდენობა მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე დაირღვევა. ბუნებრივია, ეს გავლენას იქონიებს სანავთობო ბაზრებზე, მაგრამ ეს მოცემულობა დიდხანს არ გაგრძელდება.  ასეთი ეკონომიური კოლაფსები მსოფლიო მასშტაბით დიდი ხანია მიმდინარეობს. ჯერჯერობით ჩვენ არანაირი ცვალილება არ გვაქვს ფასებში, არც მოწოდების რეჟიმი შეცვლილა. რა თქმა უნდა, გარკვეულ დონეზე გავლენა ექნება, მაგრამ ფასების არითმია ყოველთვის იყო და იქნება, მთავარია სტაბილურობა შენარჩუნდეს  ქვეყანაში. დეფიციტი არ გვემუქრება, თუმცა საწვავის გაძვირება მოსალოდნელია.

ვემიჯნები და არ ვეთანხმები არც ერთ ანალიტიკოსს, რომელი მოვლენებს უსწრებს და კონკრეტულ ნიშნულს ასახელებს.  ნავთობის ფასის ზუსტი პროგნოზი ახლა შეუძლებელია. რაც მალე წავა მშვიდობისკენ სიტუაცია, უფრო სტაბილური იქნება მსოფლიო ეკონომიკა და სანავთობო ბაზრები. კომპანიები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ  სტაბილურობა შეინარჩუნონ. ვისთანაც კეთილმეგობრული ურთიერთობა გვქონდა, გავაგრძელებთ. ასეთი ქვეყნებია ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი, საიდანაც ნავთობპროდუქტები შემოგვაქვს. ეს დინამიკა არ დაირღვევა", - განაცხადა იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

მისი შეფასებით, თუკი დროულად დასრულდება ომი და გონივრული ნაბიჯები გადაიდგმება, მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე მდგომარეობა უმოკლეს პერიოდშივე დასტაბილურდება.

,,ომში დიდი ქვეყნებია ჩართული და კარგს არაფერს უქადის სამყაროს. იმედია, დიდხანს არ გაგრძელდება ეს ვითარება, ძალიან მოწადინებულია აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მთელი მსოფლიოს პოლიტიკური წარმომადგენლობა. მთავარია, გონივრული  ნაბიჯები გადაიდგას, ჯერჯერობით პრობლემაა ჰორმუზის სრუტეზე, ასევე სუეცის არხზეც, აქედან გამომდინარე, სანავთობო ბაზრებს მომარაგების კუთხით რაღაც რაოდენობა მოაკლდება და ვნახოთ, როგორ შეძლებენ გადავსებას.

ჩვენ უშუალოდ ახლო აღმოსავლეთიდან არ ვაწარმოებთ იმპორტს, ამიტომ ქართულ ბაზარზე სტაბილურობაა, რასაც ხელს უწყობს ლარის კურსიც. გეოგრაფიული მდებარეობაც ისეთია, რომ ჩვენი დეფიციტი არ შეგვექმნება", - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა.

გაძვირების მიუხედავად, ამ ეტაპზე ყველა წინაპირობაა, რომ იმპორტის დინამიკა ზრდისკენ გადაიხაროს, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკაში მიმდინარე აქტივობა, რომელიც მომავალი თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება.

,,ომმა და გლობალურმა გამოწვევამ რისკი გაზარდა, თუმცა იმპორტი დადებით დინამიკას ინარჩუნებს. ველოდებით, რომ ეს ტრენდი არ შეიცვლება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმართ დადებითი მოლოდინი საწვავის ბაზარზეც პოზიტიურად აისახება. იმპორტიდან მიღებული შემოსავლები, გარდა იმისა, რომ უშუალოდ სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლების მატებას განაპირობებს, თვითონ ეკონომიკური აქტივობის განმსაზღვრელიცაა.

ვიმედოვნებ, დინამიკა  მომდევნო თვეებშიც არ  შენარჩუნდება და იმპორტი მოიმატებს. ამის საფუძველს იძლევა ის გარემოებაც, რომ ეკონომიკა იზრდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები გააქტიურებულია. შესაბამისად, საწვავის იმპორტიც უნდა დასტაბილურდეს", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა კონტროლის გააქტიურებაზე, რა მიმართულებითაც ზომები გასამკაცრებელია მთელი საქართველოს მასშტაბით.

,,მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური კონტროლის სისტემა ქვეყნის შიგნით, საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვრჩები პოზიციაზე, რომ უნდა დაიწყოს კონტროლი ქვეყნის საზღვრიდან და უნდა განხორციელდეს მუდმივი სისტემური მონიტორინგი როგორც საცალო ქსელში, ისე ბაზებზე, გასამართ სადგურებზე. ეს უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მოცვა აუცილებელია.

დიდი მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკოლოგიის დეპარტამენტს, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს. ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია უფრო მკაცრი კონტროლის დაწესება. ყველა საკითხი გაწერილი იყოს დეტალურად, სადაც ხარისხის ნებისმიერი კომპონენტი იქნება გათვალისწინებული. თუ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დახმარება საჭირო იქნება დავეხმარებით, რომ კონტროლი უფრო ინტენსიური გახადონ, რითაც საჭირო იქნება, ჩვენს წვლილს შევიტანთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონალურად  გაიშალოს კონტროლი, შესაბამისად, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს კვლევები, რომ რეალურად შეიცვალოს ვითარება და ხარისხის დაცვა მოხერხდეს. უნდა ვიცოდეთ რას ვყიდულობთ და რაში ვიხდით ფულს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ვახტანგ იობაშვილმა.

წყარო: resonancedaily.com