საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრა, სადაც მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან  და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრთან ვანგ ვენთაოსთან და ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჭოუ ჰაიბინთან. ასევე დაგეგმილია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად პეკინში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ  მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. დელეგაციაში ასევე არიან ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.