საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აღნიშნავს, რომ მისი შეფასებით, საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მიმართ გაიზრდება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ლარში ნომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე, რომელთაც ასევე საერთაშორისო ინვესტორებს შესთავაზებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად არსებული გლობალური ვითარებისა, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ნარჩუნდება ინტერესი საქართველოს ფასიან ქაღალდებში ინვესტირების მიმართულებით. ვფიქრობ, სამომავლოდ ეს ინტერესი შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ ვაპირებთ ინვესტორების მოწვევას არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ ბაზარზე. აქტიურად გვაქვს საუბარი ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დაინტერესება ამ კუთხით მაღალია, მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენი აქტივობებით კიდევ უფრო წავახალისებთ მათ მონაწილეობას ადგილობრივ ბაზარზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, სსფ-ის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, შედგა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან. ასევე, ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვას მიეძღვნა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმას, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს როგორც ფისკალური, ისე მონეტარული კუთხით. ასევე, შევთანხმდით, რომ აქტიურად გაგრძელდება სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩაერთვება, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების პროცესში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ვიზიტისას ფინანსთა მინისტრი შეხვდა მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორს, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ასევე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა მსოფლიო ბანკში, სადაც მიმოვიხილეთ ის პოტენციური პროექტები, რომლებზეც მსოფლიო ბანკთან ერთად უახლოეს პერიოდში დავიწყებთ მუშაობას. ეს პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხელს უწყობენ ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ინფრასტრუქტურაში. ეს მოიცავს როგორც დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ისე ენერგეტიკული პროექტების დაფინანსებას. ამ მიმართულებით ინტერესი და მზადყოფნა გამოთქვეს სხვა ბანკებმაც, მათ შორის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა, რომელიც ტრადიციულად, ძალიან აქტიურია ჩვენს რეგიონში და კონკრეტულად, საქართველოში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.













