“ჩვენი მარანი მე-19 საუკუნის ბოლოს, ჩემმა წინაპრებმა ააშენეს, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელი იყო. სახლის უკან დიდი ხეხილის ბაღი და ვენახი გვაქვს, და სწორედ ამიტომ, სამი წლის წინ გადავწყვიტეთ, ტურიზმის სფეროში ძალები მოგვესინჯა, ძირძველი მარნისთვის ფუნქცია დაგვებრუნებინა, ძველებური ქვევრის ღვინოები დაგვემზადებინა და ტურისტებისთვის ჩვენი ისტორია, ჩვენი ტექნოლოგიები გაგვეცნო“, - იხსენებს გიორგი ამისულაშვილი.
მარნების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გიორგი ამისულაშვილმა მიზანს მიაღწია, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში ძველ მარანს ახალი სიცოცხლე შესძინა, მასტერკლასებისა და მოსასვენებელი სივრცეები მოაწყო, ღვინო ჩამოასხა და წელს პირველი სტუმრების მიღებაც დაიწყო.
გიორგის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა და უკვე ბიზნესის გაფართოებაც დაიწყო - მეზობლად მიწა შეიძინა, იქ მდგარი მარანი საკუთარს დაუკავშირა და რესტავრაცია დაიწყო.
გიორგი ამისულაშვილის მარანში სამი სახეობის ღვინო იწურება - რქაწითელი, საფერავი და მანავის მწვანე. ახლახან ქისიც გააშენეს. მუხის კასრში დავარგებულ არაყსაც ამზადებენ, რომელმაც შარშან თელავში, არყის საერთაშორისო ფესტივალზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. „ფესტივალზე 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ამიტომ ეს ჯილდო ჩვენნაირი მცირე მარნისთვის დიდი წარმატებაა“, - ამბობს მეღვინე.
მარნის მოცულობიდან გამომდინარე, ჯერ ღვინის დაგემოვნება მხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი, გაფართოების შემდეგ კი წარმოების ზრდასა და ბაზარზე აქტიურად გასვლას გეგმავს.
„ამ ეტაპზე 500-700 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებთ, გაისად კი შესაძლებლობა გვექნება, ეს რიცხვი 2000-მდე გავზარდოთ. წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ვაპირებთ გასვლას, სადაც ჩვენს პროდუქტებს წარვადგენთ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და იმედი გვაქვს, მომავალში კიდევ არაერთი მიღწევა გვექნება“, - ამბობს გიორგი ამისულაშვილი.
ღვინის მარანს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუდმივად სტუმრობენ - აკვირდებიან ღვინის წარმოების პროცესს, ათვალიერებენ ხილის ბაღებს, ეცნობიან ქართული სუფრის ტრადიციებს და ალაზნის ველის ხედებით ტკბებიან. ამ საქმეს გიორგი ამისულაშვილი უძღვება, თუმცა რთველის, ჯგუფების გამასპინძლებისა თუ ღვინის დაწურვა-გადაღების პროცესში არაერთი ადამიანია ჩართული.
„რაც გვქონდა გეგმაში, ამ დრომდე ყველაფერი ავასრულეთ. თუმცა, თანადაფინანსების გარეშე მარნის აღდგენა - გაფართოება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ბევრი მეღვინისა და მეწარმისგან გამიგია, რომ ბანკის მხარდაჭერით არაერთი კარგი საქმე გაკეთდა. რაც მთავარია, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა. ჩვენთან რამდენიმე ადამიანი მუდმივად დასაქმებულია. ამიტომაც რაც მეტი პროექტი განხორციელდება და მეწარმეები რაც უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებენ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ეს უკეთესი იქნება“, - აღნიშნავს გიორგი ამისულაშვილი.
გიორგი მეხუთე თაობის წარმომადგენელია, ვინც ამ მარანში ღვინო დაწურა. უცვლელად შეინარჩუნა ძველი ქვევრები და მარნის კედლები, ღვინის დაყენების უნიკალური ტექნოლოგიაც დახვეწა, სტუმრების, სხვა მეღვინეებისა თუ სომელიეების ქებას მუდმივად იმსახურებს. თუმცა ყველაფერი წინაა - მეღვინე დაუღალავი შრომითა და ჟინით საკუთარი მეღვინეობის ასწლოვან ისტორიას მომდევნო წლებში ახალი, საინტერესო ამბებით გააგრძელებს.
"ჟინი მაინც გამოიყვანს" საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით, ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.