თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის გამო, ვარკეთილის მეტრო დაახლოებით 2 თვით დაიკეტება. ამის შესახებ მან დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს "ბადა კონსტრაქშენი" შეასრულებს. პროექტის ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს.

"კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 18 თვე. მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა იყოს დასრულებული აღნიშნული პროექტი", - თქვა კახი კალაძემ.

მეტრო ივნისი-აგვისტოს შუალედში დაიკეტება. დამატებითი დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კალაძე ამბობს, რომ მეტროს დახურვის პერიოდში მერია ეცდება ამ მიმართულებით ავტობუსები დაამატოს.