აზერბაიჯანული სააგენტო Azertac-ის ინფორმაციით, 5 ივლისის საღამოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში კომპანია SOCAR-ის ავტოგასამართ სადგურზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.
თავდასხმის სამიზნე გახდა ნიკოლაევის ოლქში მდებარე SOCAR-ის ავტოგასამართი სადგური, სადაც დარტყმის შედეგად აფეთქება მოხდა.
SOCAR Energy Ukraine-ში ინფორმაცია დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ნიკოლაევის ოლქის სოფელ ნეჩაიანოეში, ოდესის ქუჩა №2ა-ში მდებარე ავტოგასამართ სადგურს სამი „შაჰედის“ ტიპის დამრტყმელი დრონი დაესხა თავს. დარტყმის შედეგად დაზიანდა სადგურის ადმინისტრაციული შენობა.
კომპანიის განცხადებით, წინასწარ მიღებული უსაფრთხოების ზომების, საჰაერო განგაშის დროს მოქმედი ინსტრუქციების მკაცრი დაცვისა და თავშესაფრის არსებობის წყალობით, უფრო მძიმე შედეგების თავიდან აცილება მოხერხდა. თავდასხმის დროს ყველა თანამშრომელი თავშესაფარში იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში ავტოგასამართ სადგურებზე მასობრივ იერიშებს ახორციელებენ.
გასული წლის ზაფხულში ჟიტომირის ოლქის სოფელ ბერეზინაში აფეთქებების შედეგად SOCAR Energy Ukraine-ის ორი ავტოგასამართი სადგური მნიშვნელოვნად დაზიანდა. ასევე, გასული წლის აგვისტოში რუსეთის ძალებმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტოებით ოდესის ოლქში მდებარე SOCAR-ის ნავთობბაზას შეუტიეს. დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ხოლო ოთხმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.













