„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული, ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.
ლენდლორდის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის“, - ამის შესახებ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიის პორტამდე საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ.
„საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან — ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.
მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს, პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალის და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.













