ყაზახეთის ჟამბილის რეგიონში 1 გიგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1.4 მილიარდი დოლარია.

კაფსულის ჩაყრის ცერემონია ტელეკონფერენციის საშუალებით გაიმართა.

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში ელექტროენერგიის დეფიციტის მოგვარება და განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარება.

„Masdar-თან პარტნიორობა ხელს უწყობს განახლებადი ენერგიის განვითარებასა და ყაზახეთის პროგრესს ნახშირბადის ნეიტრალიტეტისკენ. ეს პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვას განახლებადი ენერგიის სექტორში. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების მზაობას, ინვესტიცია ჩადონ ქვეყნის მდგრად განვითარებაში და უზრუნველვყოფთ საჭირო მხარდაჭერას პროექტის ყველა ეტაპის წარმატებით განხორციელებისთვის“, - განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის ვიცე-მინისტრმა სუნგატ იესიმხანოვმა.

პროექტის მთავარი მახასიათებელი იქნება 300 მეგავატი, 600 მეგავატი/სთ სიმძლავრის ენერგიის შენახვის სისტემის გამოყენება. ეს სტაბილიზაციას გაუწევს ქსელში ელექტროენერგიის მიწოდებას ცვალებადი ამინდის პირობებისა და მაღალი მოთხოვნის პერიოდებში.

კონსორციუმის წევრები არიან Masdar (40%), W Solar (40%), Qazaq Green Power, სამრუკ-კაზინას განვითარების ფონდის შვილობილი კომპანია (18%) და ყაზახეთის საინვესტიციო განვითარების ფონდი (KIDF) (2%).

პროექტი, სავარაუდოდ, ნახშირორჟანგის ემისიებს წელიწადში 2.5 მილიონი ტონით შეამცირებს.

ქარის ელექტროსადგურის სრული კომერციული ექსპლუატაცია 2029 წლის მესამე კვარტალშია დაგეგმილი.