გამოცემა The Insider-ის ცნობით, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ვლადიმერ უგლევი — „ნოვიჩოკის“ ტიპის შხამების ერთ-ერთი შემქმნელი. გამოცემის ინფორმაციით, ქიმიკოსი, რომელიც ბოლო წლებში ანაპაში ცხოვრობდა, 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. 1946 წელს ქალაქ კიროვსკში დაბადებულმა უგლევმა დაამთავრა მენდელეევის სახელობის მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სადაც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ქიმიასა და ტექნოლოგიაზე სპეციალიზდებოდა.

The Insider-ის ცნობით, 1975-დან 1990 წლამდე ის სარატოვის ოლქში, ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (GosNIIOKhT) ვოლსკის ფილიალში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა; აღნიშნული დაწესებულება, სხვა საკითხებთან ერთად, ჩართული იყო ამ შხამის შექმნის პროცესშიც.

უგლევი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2018 წელს მოექცა, როდესაც მედიას კომენტარი მისცა დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. ორი წლის შემდეგ, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ (FBK) დამფუძნებლის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ბიოქიმიკოსმა ჟურნალისტებს აუხსნა, თუ როგორ მოქმედებს „ნოვიჩოკი“ — სამხედრო დანიშნულების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებების ჯგუფი.

„იქიდან გამომდინარე, რომ ის თავად მონაწილეობდა ამ ძლიერმოქმედი ტოქსინის შექმნაში, მოგვიანებით უგლევი მისი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გამოყენების მწვავე კრიტიკოსი გახდა. უგლევი ღიად უარყოფდა კრემლის მტკიცებებს როგორც სკრიპალების, ისე ნავალნის საქმეებთან დაკავშირებით“, — წერს სოციალურ ქსელ X-ზე გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი.

2020 წელს, ტომსკიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენისას, ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. ეს ფაქტი დაადასტურა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW), ასევე გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა. ნავალნიმ მაშინ გადარჩენა შეძლო, ბერლინში მკურნალობა გაიარა, 2021 წელს კი რუსეთში დაბრუნდა. მოსკოვი უარყოფს ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა ეჭვს და ხაზს უსვამს, რომ ბერლინში გადაყვანამდე მის ორგანიზმში „არანაირი ტოქსიკური ნივთიერება არ აღმოჩენილა“.