საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო eKalata-ს ოქტომბრის თვის ფასების დინამიკას აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, ოქტომბრის თვის განმავლობაში www.ekalata.gov.ge-ს პორტალზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება იცვლებოდა.

„სასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე დაბალი ღირებულება პირველ ოქტომბერს დაფიქსირდა და 35.82 ლარი შეადგინა, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 31 ოქტომბერს ყველაზე იაფი კალათის ღირებულება 36.46 ლარი იყო.

ოქტომბრის განმავლობაში კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 36.51 ლარი დაფიქსირდა, მათ შორის, 15-20 ოქტომბრისა და 23-27 ოქტომბრის პერიოდში. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 1.8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარ ყველაზე იაფ კალათას, ოქტომბრის განმავლობაში მისი ღირებულება დინამიკურად იცვლებოდა.

არასასურსათო პროდუქტებისგან შემდგარი კალათის ყველაზე მაღალი ღირებულება 14 ოქტომბერს დაფიქსირდა და 30.69 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი ღირებულება 29-31 ოქტომბრის პერიოდში დაფიქსირდა და 26.31 ლარი იყო. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, თვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით, 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება დაახლოებით 7%-ით შემცირდა.

ამასთან, eKalata-ს პორტალზე წარმოდგენილი 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტისგან შემდგარი ყველაზე იაფი კალათის ღირებულება პორტალის ამოქმედებიდან — ივლისიდან, ოქტომბრის ბოლომდე დაახლოებით 15%-ით შემცირდა. კერძოდ, ივლისის დასაწყისში კალათის ღირებულება 42.96 ლარს შეადგენდა, ხოლო 31 ოქტომბერს — 36.46 ლარს.

არასასურსათო კალათის შემთხვევაში, რომლის ფასების აღრიცხვაც 3 აგვისტოდან დაიწყო, საწყის მაჩვენებელთან (38.16 ლარი) შედარებით, 31 ოქტომბრისთვის (26.31 ლარი) ღირებულება დაახლოებით 31%-ით შემცირდა“, — ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.