ციფრულ ეპოქაში ფინანსური ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ახალი ფუნქციების დანერგვა, არამედ არსებული, რუტინული პროცესების გამარტივებაცაა. სწორედ ასეთი პროცესია თანხის გადარიცხვა, რომელსაც ამ დრომდე მცირე ბარიერები ახლდა თან: ანგარიშის ან პირადი ნომრის ზეპირი კარნახი ან დაკოპირება, სასურველი ანგარიშის დაზუსტება, მიმღების გადამოწმება და სხვა.

ამ ბარიერების გასამარტივებლად, თიბისი ბანკმა ინოვაციური პროდუქტი - QR გადარიცხვა - დანერგა, რომელიც მომხმარებელს თანხის გადარიცხვას უმარტივებს და ამ აქტივობისთვის საჭირო დროს ამცირებს.

“QR გადარიცხვის იდეა დაიბადა იმ სირთულეებიდან, რომლებსაც ხშირად ვაწყდებით თანხის სხვასთან გადარიცხვისას. ბევრს ჰქონია თანხის ჩარიცხვისას პირადი ნომრის კარნახის დროს უხერხულობის გამოცდილება, როდესაც ნაკარნახებ პირად ნომერს პირველ ჯერზე სწორად ვერ იწერ და პროცესის ხელმეორედ დაწყება გიწევს, ან თუ გაგიმართლებს და ეგრევე სწორად ჩაინიშნავ, შემდეგ სხვა სირთულეს აწყდები: უნდა გაარკვიო, უამრავი ანგარიშიდან რომელი მიუთითო ჩარიცხვისას. ეს პროცესი განსაკუთრებით კომპლექსური და დამღლელია მაშინ, როცა გადარიცხვის შესრულება სწრაფად გჭირდება. დღეს, როცა სისწრაფე და მოქნილობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორედ ამ უხერხულობისა და გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით შეიქმნა გადარიცხვის ეს მიდგომა. ეს გადაწყვეტა ერთიანად აგვარებს ყველა ზემოთ აღნიშნულ პრობლემას როგორც გადამრიცხავისთვის, ასევე მიმღებისთვის”, - განმარტავს გუნდის ლიდერი, ანა კახურიშვილი.

QR გადარიცხვით სარგებლობა და თიბისის ანგარიშზე თანხის მყისიერად, სრულიად უფასოდ ჩარიცხვა ნებისმიერი ქართული ბანკის მომხმარებელს შეუძლია. ამისთვის საჭიროა, თიბისის ანგარიშის მფლობელი მობაილბანკში საკუთარ IBAN ანგარიშზე გადავიდეს, მოძებნოს QR კოდი და უბრალოდ დაასკანერებინოს გადამრიცხავს. გადამრიცხავი კი გადახდის მეთოდებიდან თავად ირჩევს თიბისი მობაილბანკს, Apple Pay-ს, Google Pay-ს ან, მისთვის სასურველი სხვა ბანკს.

“QR გადარიცხვის სარგებლობისთვის ნებისემირი ბანკის მომხმარებელმა ტელეფონის კამერით უნდა დაასკანეროს QR-ი, რომელსაც თანხის მიმღები კონკრეტულ ანგარიშზე ქმნის. სკანირებისთანავე მომხმარებელი მიუთითებს გადასარიცხ თანხას ლარში, აირჩევს გადახდის სასურველ მეთოდს და დაადასტურებს თანხის გადარიცხვას. დადასტურებისთანავე მიმღებთან თანხა მყისიერად ჩაირიცხება.

თვითონ QR-ი მარტივად, თიბისის მობაილბანკში, კონკრეტულ ანგარიშზე იქმნება, ანგარიშზე QR მუდმივია და მომხმარებელს შეუძლია გადმოწეროს, დაბეჭდოს ან პირდაპირ ლინკი გაუზიაროს ადრესატს”, - განმარტავს პროდუქტის ხელმძღვანელი.

შეიძლება ითქვას, რომ QR კოდის დაგენერირებით, ფიზიკური პირები იღებენ უნაღდო ანგარიშსწორების უნივერსალურ ინსტრუმენტს, რომელსაც დამატებითი მოწყობილობები არ სჭირდება; შედეგად, QR-ით გადარიცხვა სწრაფი და კომფორტულია ისეთ სივრცეებში, სადაც გადახდის ტრადიციული მეთოდები ხელმისაწვდომი არ არის, იქნება ეს ბაზრობები, სამკერვალოები, მცირე მომსახურების ობიექტები თუ სხვა.

რაც მთავარია, QR გადარიცხვით სარგებლობა უსაფრთხოა, რაზეც თიბისიმ განსაკუთრებულად იზრუნა.

“QR კოდი მობაილბანკში ნებისმიერ ანგარიშს ავტომატურად აქვს მინიჭებული. გადახდის მეთოდებიდან მომხმარებლებს საერთაშორისოდ აღიარებულ და ფართოდ გავრცელებულ Wallet-ებს - Apple Pay-სა და Google Pay-ს ვთავაზობთ. ამასთანავე, არჩევანში წარმოდგენილია სხვა ბანკიდან გადმორიცხვაც, რომელიც ასევე დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ბაზარზე უსაფრთხო გადახდის მეთოდად მიიჩნევა. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს არ უწევს ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა, მარტივად მობილურიდანვე აკეთებს არჩევანს და ადასტურებს გადარიცხვას”, - ამბობს ანა კახურიშვილი.

ინოვაციური პროდუქტის დანერგვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. თიბისიში კარგად ესმით, რომ ციფრული გადაწყვეტილებების სრულყოფა უწყვეტი პროცესია, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებაზეა დაფუძნებული. სწორედ ამიტომ, ახალი ფუნქციონალის სამომავლო განვითარება პირდაპირ დაეყრდნობა იმ რეალურ უკუკავშირს, რასაც ადამიანები ყოველდღიური ტრანზაქციებისას დააფიქსირებენ.

“QR გადარიცხვაზე აქტიურად დავაკვირდებით მომხმარებლების ქცევას, მოვისმენთ მათ უკუკავშირს, რაც პროექტის განვითარებაში ძალიან დაგვეხმარება. მომხმარებლის უკუკავშირისთვის ვიყენებთ შეფასების ფორმას, რომელიც გადარიცხვის დასრულებისას გამოჩნდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, QR-ის როგორც მარტივად გაზიარება და ხელმისაწვდომობა, ასევე გადარიცხვის სისწრაფე და მოქნილობა - ორივე მიმართულებით თიბისი მომხმარებლებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებებს შევთავაზებთ ეტაპობრივად”, - აღნიშნავს გუნდის ლიდერი, ანა კახურიშვილი.

QR გადარიცხვა თიბისის მორიგი, მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ზოგავს ადამიანების დროს, პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ფინანსების მართვას მაქსიმალურად ინტუიციურს ხდის.