სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის ინფორმაციით, ქვეყანა ერთდროულად მხოლოდ ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებისა და სახეობების წარმოებაზე ვერ გადავა, რადგან აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.
როგორც ლევან უჯმაჯურიძე გადაცემა"ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, არასწორია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებისა და სახეობებისთვის 2 ტონა მოსავლიანობა მაქსიმალური მაჩვენებელია. მისივე თქმით, სწორი აგროტექნოლოგიური მიდგომების პირობებში 1 ჰექტარზე მინიმუმ 4-5 ტონა მოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
"თუ სწორად შეირჩევა ჯიში, გამოყენებული იქნება სერტიფიცირებული სათესლე მასალა და სრულად შესრულდება ყველა აგროტექნოლოგიური მოთხოვნა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების, განსაკუთრებით კი ხორბლის მოვლა მოყვანისთვისაა აუცილებელი, მიღებული პროდუქცია მაღალი ხარისხის იქნება - მასშტაბურად პურის ცხობა შესაძლებელი გახდება. საქართველოში მსგავსი პრაქტიკა ჯერ კიდევ დეფიციტურია, თუმცა წარმატებული პრეცედენტები უკვე არსებობს. მაგალითად, კომპანია "ლომთაგორა" აწარმოებს ისეთ ხარისხიან ხორბალს, რომლისგანაც შპს "იფქლი დიღომი" პურს მასშტაბურად აცხობს. მათი პროდუქცია დღეს მომხმარებლებს მასშტაბურად მიეწოდებათ. აღნიშნული ტენდენცია აუცილებლად უნდა გაფართოვდეს. ქართული ხორბლის ენდემურ ჯიშებს ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვთ - მთავარია, სწორი მიდგომები და თანამედროვე აგროტექნოლოგიური პრაქტიკა გავითვალისწინოთ.
ერთდროულად მხოლოდ ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებისა და სახეობების წარმოებაზე ვერ გადავალთ. აღნიშნული პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და უკვე დაწყებულია. რაც მთავარია, ფერმერის მთავარი მოტივაცია ის სარგებელია, რომელსაც მიიღებს - თუ პროდუქცია კონკრეტულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ამის შემდეგ ბუნებრივია, მოსავლიანობაც გაიზრდება. არასწორია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქართული ხორბლის ენდემური ჯიშებისა და სახეობებისთვის 2 ტონა მოსავლიანობა მაქსიმუმია. რეალურად, შესაძლებლობა გვაქვს, 1 ჰექტარზე 4-5 ტონა და მეტიც კი მივიღოთ", - აცხადებს სექტორის წარმომადგენელი.
BP.GE













