საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და მისი პირველი მოადგილე აკაკი საღირაშვილი ამმანში, იორდანიის დედაქალაქში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივების განხილვა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იორდანიის ინვესტიციების სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ზაჰერ ალ-კატარნესთან, სადაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისების გზები განიხილეს, ისევე როგორც ერთობლივი პროექტების განვითარების შესაძლებლობები ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ იორდანიის საინვესტიციო გარემო ერთ-ერთ ყველაზე მოწინავეა რეგიონში — „ერთი ფანჯრის“ სისტემით, ინვესტორთა დაცვის მკაფიო გარანტიებითა და კონკურენტუნარიანი საგადასახადო მოდელით.

გარდა ამისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ იორდანიის ბიზნეს ასოციაციას, სადაც იორდანელ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ვაჭრობის დინამიკის გაზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკრეტულ სექტორულ პარტნიორობაზე, განსაკუთრებით ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და იორდანიის ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, საინვესტიციო ფორუმებისა და ბიზნესის შეხვედრების ორგანიზებას, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას.

მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს თბილისში „საქართველო–იორდანიის ბიზნეს ფორუმი“ გაიმართება, რომლის მიზანი იქნება ორმხრივი ბიზნესკავშირების ინსტიტუციური გამყარება და ახალი პროექტების წარდგენა.

„იორდანია რეგიონში კარიბჭეა, სადაც ნელ-ნელა ჩნდება უამრავი შესაძლებლობა ქართული კომპანიების ჩართულობისთვის. მაღალი სტანდარტები და საინვესტიციო გარემო, რომელიც იორდანიას აქვს ინვესტორებს უქმნის დაცულობის შეგრძნებას, რაც თავის მხრივ, ქმნის მყარ საფუძველს ორმხრივი თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ, საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, მარტივი საგადასახადო სისტემით და 2.5-მილიარდიანი ბაზრების გამარტივებული წვდომით, შეიძლება გახდეს დამატებითი საინვესტიციო ადგილი იორდანიული კომპანიებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.