„ეკონომიკური პოლიტიკა,  რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, საერთაშორისო ინვესტორებისთვის  მიმზიდველია“-  ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციების შესახებ ისაუბრა და ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივა შეაფასა.

„მოგეხსენებათ, წელს ეკონომიკური ზრდის  პროგნოზი, სავარაუდოდ, 7%-ის ფარგლებშია.  შეიძლება, 7.5%-ის ფარგლებშიც იყოს.  ესაა „სავალუტო ფონდის“, „მსოფლიო ბანკის“, „აზიის განვითარების ბანკის“ შეფასება. ეს აჩვენებს,  რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მაღალი და კარგი ტემპით იზრდება. მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან, ქვეყანაში გარკვეული გამოსვლები, პროტესტი იყო.  ეს პროტესტი, დღემდე გრძელდება. როცა საუბარია იმაზე,  თუ რა ზეგავლენას ახდენს ეს ქვეყნის ეკონომიკასა და საინვესტიციო გარემოზე,  უნდა აღვნიშნოთ,  რომ

პოზიტიური არასდროსაა, როცა პროტესტია. მაგრამ,  მთავარი ისაა, ქვეყანაში, ზოგადად, როგორი გარემოა –  არის, თუ არა სტაბილური.

სტაბილური გარემო საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია.  როცა ინვესტორი  გადაწყვეტილებას იღებს, ის  არა მხოლოდ გეოგრაფიას ან გეოპოლიტიკას უყურებს, არამედ იმასაც, თუ  რა პერსპექტივა აქვს  ქვეყანას.

ერთი რამ შევაფასოთ:  მოგეხსენებათ, რომ ჩანდლერის ინსტიტუტმა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია, საქართველოს მთავრობა, როგორც კარგი მთავრობა, ინვესტიციების  მოზიდვის კუთხით მსოფლიოს წამყვან ოთხ ქვეყანას შორის შეიყვანა. ეს ეხება ინვესტიციების თანხობრივ მაჩვენებელსაც და მის კონტრიბუციასაც ეკონომიკაში, ანუ თუ როგორია ინვესტიციების შეფარდება იგივე მთლიან შიდა პროდუქტთან.  ესაა ძალიან მაღალი მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოა. როგორც აღვნიშნეთ,  ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი  სტაბილიზაცია, სტაბილური გარემო და პერსპექტივაა. ახლა ვნახოთ,  როგორ ფასდება საქართველოში  ეკონომიკური ზრდა: იგივე „სავალუტო ფონდის“ მონაცემები შემიძლია  მოვიყვანო: 2024-25 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე ჯამში 18.7%-ით იზრდება.

ამ მაჩვენებლით ჩვენ მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ, ევრაზიასა და რეგიონში კი პირველ ადგილზე. 2024-30 წლებში ამ ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.

ამ შვიდწლიან პერიოდში ჩვენი ეკონომიკა ( რეალურ ეკონომიკაზეა საუბარი)  ერთ სულზე 52.5%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ევრაზიის კონტინენტზე ჩვენ შემდეგ მოდის ისეთი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორიც ინდოეთია, მაგრამ მისი ეკონომიკა იგივე პერიოდში ერთ სულზე უფრო ნაკლებით გაიზრდება – 46%-ით. ჩვენ  ვხედავთ თუ როგორია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ბოლო ორი წლის მაჩვენებელი და უახლოესი შვიდი წლის მიხედვით როგორი პერსპექტივაა. ქვეყანა  მსოფლიოში  ყველაზე პროგრესული ეკონომიკითაა.

კიდევ ერთი ინდიკატორი: ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია ეკონომიკის შეფასება ერთ სულზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. აქაც ნომინალური ეკონომიკის შვიდწლიანი ზრდის ტემპით რომ ავიღოთ,  საქართველო ევრაზიაში პირველია. ამ პერიოდში, უახლოეს შვიდ წელიწადში, 2024-2030 წლებში, საქართველოს ეკონომიკა 75%-ით გაიზრდება, 2030 წლისთვის მიაღწევს 43 560$-ს. რატომ აღვნიშნე ეს მაჩვენებელი:  ეს, ფაქტობრივად, ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის  მაჩვენებელთან ახლოსაა.

დღეს აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყნების არც თუ მცირე ნაწილი  რომ ავიღოთ, დაახლოებით ამ პარამეტრშია, რაც იმას ნიშნავს,  რომ 2030 წლისთვის ევროპული საზომითაც კი,  ჩვენ  ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. ეს ისტორიული პროგრესი  იმას აჩვენებს,  რომ ეკონომიკური პოლიტიკა,  რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, საერთაშორისო ინვესტორებისთვის  მიმზიდველია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ეკონომისტი თბილისში მიმდინარე  „აბრეშუმის გზის ფორუმსაც“  გამოეხმაურა.

„თბილისში გუშინ გლობალური საერთაშორისო ფორუმი დაიწყო, რომელიც დღესაც გრძელდება. აქ ძალიან ბევრი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, პრეზიდენტები, პრემიერები,  თუ ვიცე-პრემიერები არიან, ასევე  წარმატებული მსოფლიო ბრენდები, საინვესტიციო კამპანიები, ინვესტორები. ეს აჩვენებს,  თუ როგორია პერსპექტივა უახლოეს წლებში (ამ უახლოეს შვიდ წელიწადს ვგულისხმობ). ესაა როგორც შუა დერეფნის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერება, იმიტომ,  რომ ინვესტიციები, ძირითადად, ინფრასტრუქტურაში იქნება  მიმართული. ეს, ბუნებრივია,  ქვეყნის საინვესტიციო პოტენციას აძლიერებს.  მათ შორის, ანაკლიის პორტის პროექტია აღსანიშნავი.  ის მომავალ პერსპექტივებში,  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,  2029 წელს უკვე პირველ გემებს მიიღეს.

ღრმაწყლოვანი პორტი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის ტვირთბრუნვასაც გაზრდის, რადგან უფრო  დიდ გემებს მიიღებს. ბუნებრივია, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებითი ბენეფიტი იქნება,  ანუ კიდევ უფრო მეტი სარგებელი არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის.  ეკონომიკა იზრდება, ბუნებრივია, იზრდება დასაქმება და შემოსავლები. ბოლო პერიოდში საშუალო შემოსავლები  ისედაც გაზრდილია. თუ შევთანხმდებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის რა ბენეფიტები გვაქვს, ესაა – დასაქმება, შემოსავლების ზრდა,  კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში.

სხვა ფაქტორები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ,  არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგალითად, როგორია საგარეო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ამ შემთხვევაში მთავრობის ვალზე მაქვს აქცენტი გაკეთებული. ბოლო წლებში, 2021 წლიდან ქვეყანა იძულებული იყო, კოვიდპანდემიური შოკიდან გამომდინარე, ანუ ეკონომიკის დაპაუზებიდან გამომდინარე, დამატებით საგარეო ვალი  აეღო. მაშინ თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გაიზარდა, 62%-ს მიაღწია.

ეს  მაჩვენებელი ბოლო ორი წელიწადია მნიშვნელოვანი კლებით ხასიათდება. დღეს ჩვენ გვაქვს პერსპექტივა,  რომ ბოლო ათწლეულში ისტორიულ მინიმუმზე დავიდეთ, ალბათ, დაახლოებით, 34-32% იქნება. ვალების მომსახურება ყოველწლიურად გრძელდება. ვალების მომსახურება ამ წელსაც  ხდება. მეორე ფაქტორია ეკონომიკური  ზრდის ზეგავლენა მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე. მოგეხსენებათ, სექტემბრის მონაცემებით, ეროვნული ბანკის რეზერვები წლის დასაწყისდან სარეკორდოდ იყო გაზრდილი.  აქ საუბარია, დაახლოებით,  მილიარდ 600 მილიონ დოლარზე. წლის ბოლომდე არის პერსპექტივა,  რომ საერთოდ, 2 მილიარდზე და ახალ ისტორიულ რეკორდზე გავიდეთ,  რითაც სავალუტო რეზერვების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და სტაბილური მაჩვენებელი გვექნება. ესეც ამ ეკონომიკური პოლიტიკის და მონეტარული პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს.  აქვე,  ჩვენ ვხედავთ, თუ როგორია, კურსის დინამიკა.

როცა ამბობენ, რომ კურსი სტაბილურია, სტაბილური ზუსტად რამდენიმე ფაქტორის გამოა:  ეს არის, პირველ რიგში, ექსპორტი, რომელიც გაზრდილია. ორი დღის წინ სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, სავაჭრო ბრუნვაც გაზრდილია და ექსპორტიც. ვგულისხმობ ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელს, რომელიც თანხობრივადაც ისტორიულ მაქსიმუმზეა. ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს აჩვენებს, რომ  ახალი სამუშაო ადგილები იქმნება. ადგილობრივი ექსპორტი ადგილობრივი წარმოების გაფართოებას ნიშნავს. ესაა ახალი სამუშაო ადგილები, ასევე,  ბუნებრივია, უცხოური ვალუტა, რომელიც ქვეყანაში შემოდის და სავალუტო კურსზე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის პერსპექტივა ასეთი პოზიტიური შემთხვევით არ არის“ ,- განაცხადა ცუცქირიძემ.