გლობალურ კონკურენტულ გარემოში, ცხადია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა ავჩქარდეთ იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ის ტვირთები, ის სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ აგვიანებს საქართველო ისეთი პროექტების განვითარებას, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია.

ლევან ვეფხვაძის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, იმისთვის, რომ საჭირო ტემპის შენარჩუნება მოხდეს.

„ცხადია ამაზე ვმუშაობთ ყველა ერთად, მათ შორის, კერძო ინვესტორებთან, მათ შორის, მთავრობათაშორის ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს შეთანხმებები მოხდეს და აქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს ტემპები იქნება მიღწეული“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მან აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ასეთი ტიპის ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია სადისკუსიოდ იმ თემატიკაზე, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაში კომპანიებს, ქართულ ბიზნესს დაეხმარება. ეს არის ლოჯისტიკური საკითხები, ენერგეტიკა და ა.შ. ყველა ის მიმართულება, რაც ქვეყანაში აქტიურად ვითარდება და შესაბამისად, სადაც არის პერსპექტივა, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ. მეორე არის სწორედ იმ ქვეყნებიდან ოფიციალური პირების ჩამოსვლა საიდანაც ველით ამ ინვესტიციებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად იყოს ეს დებატები, ეს დისკუსია და საუბარი, ასევე იმ პერსპექტივების დანახვა, რომელიც ყველას ერთად გვაქვს რეგიონში, რომ ყველა ერთად ეკონომიკურად განვვითარდეთ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.