შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად იყენებს 37 რისკის პროფილს, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირებულ პირებზე მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკფაქტორების გამოვლენას.

აღნიშნულის შედეგად, ბოლო მონაცემებით, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების შესრულებაზე უარის თქმის 2 448 შემთხვევა დაფიქსირდა.

უწყება ამ ფორმით ეხმაურება ერთ-ერთ მედია საშუალებაში გასულ სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც „საქართველო იქცა ავტოიმპორტისთვის შავ ხვრელად“, რომელიც მათი თქმით დეზინფორმაციაა.

"შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე არაერთგზის გავრცელებული განცხადებების/განმარტებების მიუხედავად, კვლავ გრძელდება უწყების დისკრედიტაცია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა.

როგორც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნებმა, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. მათ შორის, სანქციები შეეხო აღნიშნული ქვეყნებიდან მსუბუქი ავტომობილების რუსეთში ან ბელარუსში შეტანასაც.

აღნიშნულ შეზღუდვას უწყება მკაცრ მონიტორინგს/აღსრულებას უწევს. ამასთან, საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. კონტროლის ფარგლებში, ტრანზიტული ნომრების მქონე მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც გადაადგილდებიან ტრანზიტულად, საბაჟო საზღვრის კვეთისას, მებაჟე ოფიცრების მხრიდან ექვემდებარება შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებას, თუ რომელი ქვეყნის დანიშნულებით გადაადგილდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და როგორც ტრანზიტი, ისე ექსპორტი/რეექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი.

დღეის მდგომარეობით, მოქმედი შეზღუდვები არ ეხება აშშ-დან და ევროკავშირიდან შემოყვანილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს/რეექსპორტს იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან მითითებული აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ სანქციებში. ამასთან, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ აკრძალვა არ ვრცელდება იმ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებიც არის ფიზიკური პირის პირად საკუთრებაში, გამოიყენება მისი პირადი სარგებლობისთვის და არ არის განკუთვნილი გასაყიდად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. ბოლო მონაცემებით, საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 2 448 შემთხვევაა დაფიქსირებული.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ უწყებასთან", - წერს შემოსავლების სამსახური.