ჩინეთმა 2025 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში კვლავ დაიბრუნა გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი და გადაუსწრო აშშ-ს, რადგან მაღალმა ტარიფებმა გერმანიის ექსპორტზე შეერთებულ შტატებში, გავლენა მოახდინა. 

გამოცემა "როიტერის" გათვლებით, გერმანიის იმპორტმა და ექსპორტმა ჩინეთთან იანვრიდან აგვისტომდე 163.4 მილიარდი ევრო (190.7 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო აშშ-სთან ვაჭრობის მაჩვენებელი 162.8 მილიარდ ევროს გაუტოლდა.

2024 წელს გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი აშშ გახდა, რითაც დასრულდა ჩინეთის რვაწლიანი ლიდერობა. ამ ცვლილების მიზეზი იყო გერმანიის მცდელობა, შეემცირებინა ჩინეთზე დამოკიდებულება - ბერლინი ამას პოლიტიკური უთანხმოებებით ხსნიდა და პეკინს არაკეთილსინდისიერ სავაჭრო პრაქტიკაში სდებდა ბრალს. თუმცა, წელს სავაჭრო დინამიკა კვლავ შეიცვალა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და განახლებული ტარიფების გამო.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის ტარიფები უარყოფითად მოქმედებს გერმანულ ექსპორტზე. კერძოდ, ტარიფების გამო შემცირდა გერმანული ექსპორტი შეერთებულ შტატებში - 2025 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ექსპორტის მოცულობა 2024 წელთან შედარებით 7.4%-ით დაეცა და 99.6 მილიარდ ევროს მიაღწია. აგვისტოში კი, გერმანიიდან აშშ-ში ექსპორტი წლიურად 23.5%-ით შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო ძლიერდება.

„ეჭვგარეშეა, რომ აშშ-ის ტარიფები და სავაჭრო პოლიტიკა გაყიდვების შემცირების მნიშვნელოვანი მიზეზია“, - თქვა დირკ იანდურამ, გერმანიის საგარეო ვაჭრობის ასოციაციის, BGA-ს პრეზიდენტმა.

ჩინეთიდან გერმანიაში იმპორტი 8.3%-ით გაიზარდა და 108.8 მილიარდ ევროს მიაღწია. კარსტენ ბჟესკიმ, ING-ის გლობალურმა მაკროეკონომიკურმა ხელმძღვანელმა, ჩინეთიდან იმპორტის განახლებულ ბუმს შემაშფოთებელი უწოდა, „განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მონაცემები აჩვენებს, რომ ეს იმპორტი დემპინგური ფასებით ხორციელდება“.