23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც უკვე ნიშნავს, რომ 2025 წელს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21 200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა.

კახეთში სულ გადამუშავებულია 323 ათასამდე ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 170 ათასამდე ტონა რქაწითელი, 134 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ამ ეტაპზე, ყურძნის აქტიური კრეფა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

რთველია მევენახეობის კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში, ლეჩხუმში. ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს. ღვინის კომპანიების მიერ მიღებულია 112 ტონამდე ყურძენი. პროგნოზით, მიმდინარე წელს, ცაგერში მოსავალი 1.4 ათასამდე ტონის ფარგლებშია.

რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც რეკორდული რაოდენობის – სამი ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა.