ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ინფორმაციით, საპარლამენტო ინიციატივა, რომელიც ბარათით გადახდის მაქსიმალურ საკომისიოს 0.5%-ით განსაზღვრავს, განხილვის პროცესშია.

როგორც ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები საფინანსო სექტორთან მიმდინარეობს.

"საპარლამენტო ინიციატივა, ჯერჯერობით, განხილვის პროცესშია, მიმდინარეობს კიდევაც და კონსულტაციები საფინანსო სექტორთან მომავალშიც შედგება. რა თქმა უნდა, ჩართული ვართ, რადგან ეს ყველაფერი საფინანსო სექტორს ეხება. ამ ყველაფრის გავლენა კარგად უნდა გავთვალოთ. ერთი რამ ცალსახაა - ესაა სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და აღნიშნული ინფრასტრუქტურა მთლიანად ჩვენს ეკონომიკას ეხება. არსებობს ძალიან კარგი მოდელები, ევროპაში, სხვა ქვეყნებში, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, რეგულირების სწორი მოდელი შეირჩევა", - აცხადებს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის მიხედვით, ბარათით გადახდის მაქსიმალური საკომისიო 0.5% იქნება. კერძოდ, ცვლილების ინიციატორები მიუთითებენ, რომ დღეისათვის პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო საკმაოდ მაღალია, რაც ბიზნესისთვის მძიმე ფინანსური წნეხია.

კანონპროექტის ავტორების თქმით, 0.5%-იანი ზღვარი უფრო სამართლიან და პროგნოზირებად პირობებს დააწესებს და გადაჭარბებულ საბანკო ხარჯებს შეამცირებს.

ამასთან, კანონპროექტის ავტორია "ქართული ოცნების" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე.