ამას მეკითხებიან ჩემი ჰარვარდის კურსელებიც, მირეკავენ ზოგჯერ და ინვესტიციებით ინტერესდებიან - რა ხდება საქართველოში, რატომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდაო. ჩემი პასუხი არის მარტივი, სახელმწიფოს მართვის მიდგომა არის სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, როგორც კერძო კომპანიებში ხდება, რაც არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი, - განაცხადა ბიზნესმენმა ილია წულაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რა არის ის ფაქტორები, რაც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის წინსვლას.

„ძალიან საინტერესო ფენომენია - რაიმე სასწაული თუ არ ხდება მსოფლიოში, რომელიმე პატარა ქვეყანა ნავთობს თუ არ მოიპოვებს და ეს რაიმე ბუსტის ეფექტს არ იქონიებს ეკონომიკურ ზრდაზე, სხვა შემთხვევაში ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდით საბედნიეროდ, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე. ამას მეკითხებიან ჩემი ჰარვარდის კურსელებიც, მირეკავენ ზოგჯერ და ინვესტიციებით ინტერესდებიან - რა ხდება საქართველოში, რატომ არის მაღალი ეკონომიკური ზრდაო. ჩემი პასუხი არის მარტივი, სახელმწიფოს მართვის მიდგომა არის სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, როგორც კერძო კომპანიებში ხდება, რაც არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი.

თავის დროზე დუბაიმ გააკეთა ეს და ძალიან სწრაფად წავიდა ეკონომიკური ზრდით. ვიცით როგორც განვითარდა, ნავთობი არ აქვს - უძრავი ქონებით, სასტუმროებით, ტურიზმით, ლოგისტიკით რა დონის ეკონომიკა აქვს. დაახლოებით იგივე მოდელს ვიღებთ ჩვენ. მთელი მთავრობა ორიენტირებულია იმაზე, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესს, სწრაფად გადაწყვიტოს საკითხები, ინვესტიციები განახორციელოს ინფრასტრუქტურაში და ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტს, რომელშიც დაინტერესებული იქნება ქართველი, თუ უცხოელი ინვესტორი. რა თქმა უნდა ბიუროკრატიის შემცირება და ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა - ეს არის მთავარი რამ“, - აღნიშნა წულაიამ.