ცოტა ხნის წინ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ინდურ კომპანია "ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედს" შორის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება გაფორმდა. მოლოდინებზე, საქართველოში ნავთობის მოპოვების პერსპექტივებსა თუ ისტორიულ პერიპეტიებზე "კვირის პალიტრას" საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გეოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე ესაუბრა.
- ბატონო სანდრო, საუბარი უშუალოდ ინდურ კომპანიასთან კონტრაქტით დავიწყოთ.
- ამას ჰქვია სანავთობო კონტრაქტები, ტიპური კონტრაქტია, მსოფლიოში ასეთი კონტრაქტები იდება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის… და გულისხმობს ორ რამეს - მოპოვებული ნავთობის წილების განაწილებას სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, და საგადასახადო შეღავათებს კომპანიისთვის. ეს ხელშეკრულებები აუცილებლად უნდა იქნეს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული.
- საქართველოში სად შეიძლება იყოს ნავთობი? რისი იმედით მოდიან?
- არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც არის ნავთობი. პირველია ე.წ. მტკვრის დეპრესია და თავის დროზე დიდი საბადო იყო სართიჭალის საბადო, მაგრამ მტკვრის დეპრესია როგორც კი ვიწროვდება აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით, ისევე ზუსტად პროპორციულად იკლებს ნავთობის მარაგი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მეორეა რიონის დეპრესია, მაგრამ ისიც პატარაა. ძირითადი არეალი, სადაც შეიძლება ნავთობი იყოს, სადაც მე ვთვლი, რომ დაახლოებით 20 მილიარდი ტონა ნავთობია, ეს არის შავი ზღვის შელფური ზონა.
თავის დროზე მიმდინარეობდა ნავთობის ძებნა და იყო შემოსული ამერიკული კომპანია "ანადარკო", რომელმაც ჩაატარა სამგანზომილებიანი გეოფიზიკური სამუშაოები, შემოჰქონდა საბურღი პლატფორმა... ეს უზარმაზარი პლატფორმაა, რომელიც აკვატორიაში ბურღვის შესაძლებლობას იძლევა, ძალიან ძლიერია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ეს კომპანია, ფაქტობრივად, გააგდო საქართველოდან რამდენიმე მიზეზის, მათ შორის ვიწრო ფინანსური ინტერესების გამო. არ მიაქცია ყურადღება, რომ კომპანია "ანადარკო" მიეკუთვნებოდა მსხვილ კომპანიებს, რომელთა შორის ჯენტლმენური კორპორაციული შეთანხმება მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ თუ შენ ერთ კომპანიას დააზარალებ, არც ერთი სხვა კომპანია შენთან საქმეს არ დაიჭერს. ძალიან უნდოდა საქართველოს ამერიკულ კომპანიასთან დაედო კონტრაქტი, მაგრამ არც ერთი ამერიკული კომპანია საქართველოში აღარ შემოვიდა და იძულებული გახდნენ, მეორე რანგის კი არა, მეათე რანგის კომპანიასთან დაედოთ ხელშეკრულება. ჯერ ავსტრიულ პატარა კომპანიასთან გააფორმეს შეთანხმება, შემდეგ აგერ, ინდურ კომპანიასთან. ასე რომ, ამ თვალსაზრისით სააკაშვილმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს სანავთობე ბიზნესს.
- "ფრონტერა" რომ მუშაობდა, მაშინ რა ხდებოდა?
- თქვეს, აღმოვაჩინეთ საბადო 500 მილიონი ტონაო, ამდენი საერთოდ არ ეტეოდა მთელ კახეთში, ვინმეს რომ მოცულობა დაეთვალა, რომელსაც 500 მილიონი ტონა ნავთობი იკავებს. სამაგიეროდ, ასწიეს თავისი აქციების კაპიტალიზაცია ბაზარზე და მოიგეს თანხა. "ფრონტერა" სუფთა ლობისტური კომპანიაა, რომელსაც ლობირებდნენ აშშ-ის კონგრესისა და სენატის წევრები და იქიდან თავის წილ ლუკმაპურს იღებდნენ. შემიძლია ვთქვა "ფრონტერაზე", რომ ზიანის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის.
- თუმცა ბოლომდე არ გადის ქვეყნიდან...
- ვერც გავა, ისე არის ხელმოწერილი ხელშეკრულება, მაგრამ რაც დრო გავა, ნაკლები და ნაკლები მნიშვნელობა ექნება ამ კომპანიას.
- კონკრეტული გეგმები ინდური კომპანიის VIIB ბლოკში: დაგეგმილია შვიდი მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და ორი ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა - ეს "ბევრია" თუ "ცოტა"?
- ცოტაა. სანამ არ დაიწყება ნორმალური ბურღვა საქართველოს შელფის ზონაში (შავი ზღვის)... თუ შელფს გავბურღავთ, სამჯერ მეტი რესურსი გვექნება, ვიდრე აზერბაიჯანს აქვს.
- ეს ინდური კომპანია თავისი შემოსვლით რა პერსპექტივებს ბადებს?
- რა პერსპექტივებს ბადებს, როცა ამბობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, აგერ აბუ-დაბიდან შემოვიდა დიდი საინვესტიციო ფონდი, 6-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებსო. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ ლაპარაკია და მეტი არაფერი. დიდი არაფერი შეღავათი მაგას არ უნდა ჰქონდეს. რაღაცა მოემატება ნავთობის წარმოებაში, მაგრამ ამას სტრატეგიული, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რომ ძირფესვიანად შეცვალოს სურათი.
- ანუ საქართველოსთვის ინდოელებთან გაფორმებული ეს ხელშეკრულება კარგია, თუ ერთი ჩვეულებრივი კონტრაქტია?
- თქვენ 100 ლარი რომ მოგცენ პრემია, კარგია, მაგრამ 100 ათასი რომ მოგცენ, ხომ უკეთესია... არა?
- კომუნისტები როგორ ეძებდნენ ნავთობს?
- "საქნავთობი" და ნავთობის ბიზნესი დაკავშირებულია ბატონ რევაზ თევზაძის სახელთან, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. 1970-იანი წლების დასაწყისში აღმოჩენილ იქნა სართიჭალის საბადო და დაიწყო წარმოება, დაახლოებით 3 მილიონი ტონა ნავთობის მოპოვება წლიურად, რამაც საბადო გააფუჭა. ქაჩავდნენ, შიგნით ტუმბავდნენ წყალს, რათა ნავთობს ამოეხეთქა და საბოლოოდ მეტი წყალი ჩაუშვეს, ვიდრე საჭირო იყო და ნავთობი "დაიშალა", მთლიანობა დაკარგა და პატარ-პატარა წვეთების სახით გაიხსნა წყალში. ბატონ რეზოს სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავი მისცეს, როგორც ნავთობის პირველ აღმომჩენს საქართველოში. პატარა პოტენციალი ჰქონდა და საბადოს გაფუჭება არ შეიძლებოდა.
ამის შემდეგ ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც ააშენეს და გადასცეს ნავთობკომპანიას, რომელიც ეწეოდა ძებნასა და ნავთობის წარმოებას, მაგრამ ხელშესახები არაფერი აღმოჩნდა. არც აღმოჩნდება... ვიმეორებ: სანამ არ დაიწყება შავ ზღვაში ბურღვა, არაფერი გამოვა!
- 20-იანი წლების გაზეთ "კავკაზში" ვნახე პუბლიკაცია, სადაც საუბარი იყო, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოდან იყო საქართველოში ნავთობის აღმოჩენის ცდები.
- ბათუმი მსოფლიოში ყველაზე დიდი სანავთობე პორტი იყო პირველ მსოფლიო ომამდე, იმ დროისთვის უზარმაზარ გადაზიდვებს აწარმოებდა, 3 მილიონ ტონამდე გაჰქონდათ ექსპორტზე. მაშინ ბენზინი დიდად არავის სჭირდებოდა, ნავთი მხოლოდ გასანათებლად სჭირდებოდათ, იმ პერიოდში შიგაწვის ძრავები არ არსებობდა.... ახლა დიდი პორტები 3 მილიონს კი არა, 300 მილიონის ექსპორტს ახდენენ, ბათუმის ტერმინალი კი ნავთობის საექსპორტო ტერმინალიდან საიმპორტო ტერმინალად გადაკეთდა.
რაც ძმებმა ნობელებმა გააკეთეს, იყო საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი ეკონომიკური განვითარებისთვის. მაშინ აშენებული ბაქო-თბილისი-ბათუმის ნავთობსადენი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო მიღწევა XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისისთვის. სხვათა შორის, ნავთობს უნდა ვუმადლოდეთ, რომ რკინიგზა აშენდა ბათუმისკენ. მანამდე ურმებით გადაჰქონდათ, ბარელებში. ბარელი ახლა არის საზომი, მაგრამ სინამდვილეში ბარელი კასრია. დღეს ბარელის საზომი კასრის მოცულობის ტოლია. კასრის მოცულობა ისეთი იყო, რომ ურემზე ორი კასრი ანუ ბარელი უნდა დატეულიყო. წარმოიდგინეთ, ბათუმში ნავთობი ურმებით გადაჰქონდათ. ამისთვის აშენდა რკინიგზა, რომელიც იმ დროისთვის ასევე იყო (განსაკუთრებით წიფის გვირაბი) ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა. ამ ორმა მშენებლობამ მოიტანა საქართველოში მკვეთრი ეკონომიკური ზრდა. ამას დაემატა თვითონ ქართველი მოღვაწეების მცდელობებიც და ნელ-ნელა, პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, საქართველო გადაიქცა ეკონომიკურად ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად. ცხადია, საქართველო პირობითად, ეს იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი.
- კომუნისტურ წლებში გადავიდეთ. სულ ისმოდა, ნავთობი გვაქვს და მალავენო....
- ამასვე ამბობდნენ ოქროზე, სპილენძსა და კიდევ ბევრ რამეზე. ნავთობი შეიძლება გვაქვს შავ ზღვაში, მაგრამ არ აღმოგვიჩენია. ოქროს საბადოები საქართველოში განა იმიტომ არ აღმოაჩინეს, რომ კომუნისტები უმალავდნენ, არამედ ოქროს საბადოების ძებნისა და ძიების გამოცდილება არ ჰქონდათ, არ იცოდნენ, როგორ უნდა მოეძიათ. ახლა ვიცით, ეს როგორ კეთდება.
- საქართველოს ტერიტორია დაყოფილია 25 სალიცენზიო ბლოკად, რომელში მეტია ნავთობისა და გაზის აღმოჩენის ალბათობა?
- არ ვაქცევ ამას ყურადღებას, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა არა აქვს. სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ შავი ზღვის შელფის ზონას, თან ფოთის ზონას. ფოთიდან რომ გავაგრძელოთ 100 მილის ფარგლებში, ეს ძალზე პერსპექტიული უბანია. თუ ჩატარდა ძიებითი სამუშაოები, თუ შევუკვეთეთ ნორმალური გეოფიზიკა არა ვიღაც დილეტანტებს, არამედ გამოცდილ კომპანიებს, მაგალითად, ყველაზე გამოცდილ კომპანიას, საერთაშორისო კორპორაციას, რომელიც აზერბაიჯანში ატარებს გეოფიზიკურ სამუშაოებს, მაშინ საქმე გამოვა, თუკი მოვახერხეთ ამერიკელების მორბილება და იმ გამოუსწორებელი შეცდომის რაღაცნაირად გამოსწორება.
- კავკასიაში რომელი ადგილია ნავთობით მდიდარი?
- მოდი, ასე ნუ ვიტყვით, ავიღოთ ორი ზღვა - შავი და კასპიის. კასპიის ზღვის აკვატორიაც ძალიან მდიდარია ნავთობით. აქეთ ნაპირზე არის აზერბაიჯანის საბადოები, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ირანის აკვატორიას, მაგრამ უდიდესი პერსპექტივა აქვს იმ სამ უზარმაზარ საბადოს, რომლებიც ყაზახეთშია. ძირითადი მარაგები იმ რეგიონისა კასპიის ზღვაშია, ზუსტად ისევე ძალიან დიდი მარაგებია შავ ზღვაში, რომელიც ამ თვალსაზრისით საერთოდ შეუსწავლელია, ოღონდ აქეთა ნაპირისკენ და არა რუმინეთისა და ბულგარეთისკენ. ზუსტად აღმოსავლეთის სანაპიროს შელფური ზონაა პერსპექტიული ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის.
- კონკრეტულად საქართველოს პერსპექტივაზე ვისაუბროთ, თუ სწორი პოლიტიკა წარიმართება "გამოუსწორებელი შეცდომის" გამოსწორების შემთხვევაში.
- იცით რა, პოლიტიკა ცუდი სიტყვაა, ჯობს თქმა - თუ სწორი პროფესიული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ეს არის ჩვენი უბედურება, რომ უვიც პოლიტიკოსებს ვანდობთ სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტას. თუმცა ასევეა აშშ-ში, ტრამპიც სრული უვიცია რაღაც-რაღაცებში, მაგრამ იქ იმგვარი ინსტიტუციური მოწყობაა, რომ პროფესიონალები ამზადებენ საკითხს და ამზადებენ არა თავისი პირადი სარგებლის მიღებისთვის, როგორც ჩვენთან, რასაც დღეს ხედავთ ყოფილი პრემიერ-მინისტრების სამართლებრივ საქმეებს, არამედ როგორც საქმე მოითხოვს. აი, საქმე როგორც მოითხოვს, ისე რომ გაკეთდეს, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება, თუ პროფესიონალებს დაუჯერებენ, მაგრამ ამის ძალიან მცირე იმედი მაქვს. შემიძლია ერთი მაგალითი გითხრათ: მე, გეოლოგ კაცს, ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა მკითხა, ელემენტარული ეკონომიკური გათვლები როგორ კეთდება, მაგალითად, როგორ ითვლება სამთო საწარმოების დისკონტირებული ღირებულებაო. ეს არის იმდენად დიდი პარადოქსი... ამას მე ჩემს სტუდენტებს ვასწავლი.
შავი ზღვის შელფის ზონაში დაახლოებით 20 მილიარდი ტონა ნავთობის პერსპექტივაა, მაგრამ რამდენის აღმოჩენა მოხდება, არ ვიცი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანის ნავთობის მარაგები დღესდღეობით 4 მილიარდს არ აღემატება. ხუთჯერ მეტი უნდა იყოს ჩვენთან, მაგრამ ამას აღმოჩენა სჭირდება.
წყარო: kvirispalitra.ge













