პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე, ასევე მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა. ამიტომ ყოველწლიურად ვიკრიბებით და წლის გეგმებზე ვსაუბრობთ. დღეს ჩემს კოლეგასთან, შეხვედრისას საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტის - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხს - წელს ბოლო ეტაპის სამუშაოები შედის ექსპლუატაციაში. ასევე ვისაუბრეთ ერთობლივ საწარმოზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის იქმნება და რომელიც ამ ინფრასტრუქტურის ოპერირებას განახორციელებს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს მონაკვეთი უფრო ეფექტურად დავტვირთოთ და მეტი ტვირთი მოვიზიდოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, შპს „მარაბდა-კარწახის“ ხელმძღვანელმა ლევან კანკავამ, სს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა პირებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ირაკლი შენგელიამ. აზერბაიჯანის დელეგაციაში - რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევის ხელმძღვანელობით, ასევე წარმოდგენილნი იყვნენ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარე როვშან რუსტამოვი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი და დელეგაციის სხვა წევრები.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ მზარდ როლს და იმ ღონისძიებებს, რომლებიც მხარეთა აქტიური ჩართულობით ხორციელდება მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. როგორც აღინიშნა, ეს ქვეყნებს მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას მისცემს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მაისიდან დაიწყება.

„სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლა ჩვენი ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მიმდინარე წლის გადაზიდვების პროგნოზზე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გეგმების და ხედვების გაცვლა, რომ მაქსიმალური კოორდინაციით ჩვენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ვიყოთ რეგიონში და საერთაშორისო მასშტაბით“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.