ვახტანგ იობაშვილი: "ახლა მარაგი დიდია, ჩვენი ბაზარი ახლა გადავსებულია საწვავით"
საქართველოს სანავთობო ბაზარზე სტაბილური მდგომარეობაა. ქვეყანაში საწვავის დიდი მარაგი არსებობს და თანაც დამატებით პარტიები მალე შემოვა საქართველოში. მარტიდან რუსეთი შემზღუდავი ზომების დაწესებას კვლავ აპირებს, თუმცა როგორც იმპორტიორებისგან ითქვა, ეს საქართველოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ექსპერტები კი განსხვავებულად ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ რუსეთიდან ბენზინის იმპორტის აკძრალვის შემდეგ საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდება.
რუსეთის ხელისუფლება და ნავთობმწარმოებლები მიმდინარე კვირას ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკთან ჩანიშნულ შეხვედრაზე 1-ლი მარტიდან საავტომობილო ბენზინის ექსპორტის სრული აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავენ.
თებერვლის დასაწყისში ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მწარმოებლებისთვის ბენზინის ექსპორტის ერთი თვის ვადით აკრძალვის ინიცირებისთვის მზად არის. ნოვაკმა ამ ინიციატივის განხილვის პირობა დადო.
10-დან 14 თებერვლამდე პერიოდში სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის საბითუმო ფასები დაეცა. ეს იმ ფონზე მოხდა, რაც დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სამუშაოს აღდგენისა და ბენზინის ექსპორტის შესაძლო აკრძალვის შესახებ ახალმა ამბებმა მყიდველები დაამშვიდა.
მიუხედავთ იმისა, რომ საქართველოში რუსეთიდან ბენზინის იმპორტი კვლავ შეიძლება შეიზღუდოს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელა ვახტანგ იობაშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოს სანავთობო ბაზარზე სტაბილური მდგომარეობაა და ფასების ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
„ადგილობრივ ბაზარს არანაირი ცვლილება და დეფიციტი არ ემუქრება. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ჩვენ საკმაოდ ფართო გეოგრაფია გვაქვს. აქ მხედველობაში მაქვს სანავთობო ქვეყნები და ნავთობპროდუქტების მომწოდებლები. ესენი არიან ევროპული ქვეყნები, ჯერჯერობით არის რუსეთი, ბელორუსი, ბულგარეთი და სხვა.
ფასების ცვლილება მოსალოდნელი არ არის. საქმე ისაა, რომ რუსული კომპანიები ბოლო თვეების განმავლობაში ისედაც არ გვაძლევდნენ დაბალ ფასად საწვავს. ფაქტიურად, გათანაბრებული იყო ევროპული და რუსული ბენზინი ღირებულება ერთმანეთთან. საქართველოს არც დეფიციტი და არც ცვლილება არ ემუქრება.
დღეს ძალიან სტაბილურია მოწოდება და რეალიზაცია. იმპორტმა და ტრანზიტმა მოიმატა კიდეც ქვეყანაში და კიდევ მეტად მოიმატებს, რადგან ზაფხულისა და თბილი თვეების განმავლობაში ტრანზიტი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ზამთარში.
ჩვენ დეფიციტი არასოდეს შეგვექმნება, რადგან საქართველოს ისეთი გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს, რომ არა მხოლოდ ნავთობპროდუქტების, არამედ ნებისმიერი საქონლის მოწოდება არის გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, არანაირი უარყოფითი მოლოდინი არ გვაქვს.
გეტყვით, რომ საწვავის რაღაც ნაწილი უკვე გზაშია. მარაგი დიდია, ადგილობრივი ბაზარი ახლა გადავსებულია საწვავით", - განუცხადა „რეზონანსს" ვახტანგ იობაშვილმა.
რუსეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყანა, საიდანაც საწვავი შემოდის. 2025 წლის იანვარში საქართველომ 107 მილიონი დოლარის ღირებულების 143 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წლიურად თანხობრივად 33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო რაოდენობრივად კი საწვავის იმპორტის მოცულობა 45%-ით არის მომატებული.
სტატისტიკის თანახმად, იმპორტის ზრდა ძირითადად რუსეთიდან საწვავის შესყიდვის მატებას უკავშირდება, რადგან იქედან ზრდა 49%-ია. მთლიანობაში იანვარში საქართველომ რუსეთიდან 55 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები შეიძინა. იმპორტში მეორე პოზიციაზეა რუმინეთი 18 მილიონი დოლარით, მესამეზე კი ბულგარეთი 17 მილიონი დოლარის იმპორტით.
რაც შეეხება წინა წლის შედეგებს, 2024 წელს საქართველომ 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.6 მილიონი ტონა ნავთობი შეიძინა. აქედან 520 მილიონი დოლარის ნავთობი რუსეთიდან, 184 მილიონის - ბულგარეთიდან, 164 მილიონის კი - რუმინეთიდან.
ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ რუსეთიდან ბენზინის აკრძალვის შემდეგ საქართველოში საწვავი გაძვირდება. ასეთი ვარაუდი გამოთქვა "რეზონანსთან" საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ და აღნიშნა, რომ ნავთობპროდუქტები მინიმუმ 10-15 თეთრით გაძვირდება.
„რუსეთი მარტში კვლავ აპირებს ბენზინის ექსპორტის შეჩერებას, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს საწვავის გაძვირებას, მინიმუმ 10-15 თეთრით.
დღეს საქართველოში საწვავის საკმარისი რაოდენობაა და კონკრეტულად ბენზინზე თუ არის საუბარი, იმპორტიორებს შემოტანილი აქვთ. ჩემი ინფორმაციით, შემოიტანეს დაახლოებით სამი თვის წინ მაღალი ღირებულებით, შემდეგ გაიაფდა, ვერ ყიდიან და მიდიან წაგებაში, ამიტომ როგორც კი რუსეთი მარტში ექსპორტს შეწყვეტს, საქართველოში საწვავი გაძვირდება, ალბათ უფრო აპრილის თვიდან", - განუცხადა „რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.
წყარო: resonancedaily.com