საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების გადაწყვეტილება და შესაბამისად, რატომ შეუჩერა ეროვნულმა ბანკმა თავდაპირველად, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა.
თურნავას განმარტებით, აქამდე სანქციების აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა და ეროვნული ბანკის მხრიდან ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ იყო. საქართველოს მოქალაქის დასანქცირების პირველი პრეცედენტის შემდეგ კი, თურნავას განმარტებით, დაისვა საკითხი, რამდენად შეესაბამება უპირობო აღსრულება კონსტიტუციას.
„მინდა ვთქვა, როგორ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რადგან სხვადასხვა ინტერპრეტაცია იყო. ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი სანქციების რეჟიმებს, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაა დაწესებული აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ, ასრულებს და მიჰყვება გასული წლის თებერვლიდან.
აქამდე აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით, ავტომატურად ხდებოდა - კონკრეტული ცალკეული პირის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის შემთხვევაში, ჩვენი საბანკო სისტემა ავტომატურად აღასრულებდა ამას და არ იყო საჭირო ცალკეული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება ეროვნული ბანკის მხრიდან. ამჯერად, როდესაც პირველი პრეცედენტი დადგა, თავდაპირველად მოხდა ავტომატური აღსრულება, მაგრამ ვინაიდან, ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც საქმე ეხებოდა საქართველოს მოქალაქეს, მართებულად დაისვა საკითხი, ასეთი უპირობო აღსრულება, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას. რამდენად იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას და რამდენად კანონიერია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში ზედმიწევნით ვხელმძღვანელობდეთ ჩვენი კანონმდებლობით, ამ კუთხით კითხვები არ არსებობდეს. ამიტომ, ამ მიმართულებით ვიმუშავეთ და შევიტანეთ დაზუსტება სანქციების აღსრულების წესში, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში გარანტირებულად, რომ როდესაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მსგავსი პრობლემა შეეხება, მის მიმართ აღსრულება სწორედ კონსტიტუციური მექანიზმებით შემოფარგლული იქნება და არ დაიწყება, სანამ შესაბამის გამამტყუნებელ განაჩენთან არ გვექნება საქმე, თუკი ასეთი დადგა, ანუ, ეს არ იქნება ავტომატური აღსრულება, ეს იქნება აღსრულება, რომელიც ზოგადად შესაბამება სუვერენული ქვეყნის ინსტიტუტებს და გამოძიებამ უნდა თქვას თავისი სიტყვა, როდესაც სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი. ეროვნული ბანკი ამ თვალსაზრისით არ გახლავთ კომპეტენტური სტრუქტურა“,- განაცხადა ნათია თურნავამ.