კრიპტომაინინგები კი არ უნდა გამოირთოს, ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს. დაასახელონ ბიზნესის სხვა სფერო, რომელმაც ასეთი ეკონომიკური დოვლათი მოუტანა მოსახლეობას. ამიტომ, მხოლოდ მესტიაში კი არა, კრიპტომაინინგები მთელ ქვეყანაში, ყველას უნდა გვქონდეს ჩართული“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „კრიპტო ბაზრის“ დირექტორმა ავთანდილ კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, მესტიის თვითმმართველი ორგანო ხელს ადგილობრივი მოსახლეობისკენ იშვერს, ვისაც თითო მაინერი აქვს, ელექტროენერგიის „დიდ დამტაცებლებს“ კი რეიდებს არ უტარებს.
მან აღნიშნული სიტუაცია ფონიჭალაში ნარკორეალიზატორების დაკავებებს შეადარა, რომლითაც ძალოვანი უწყება თითქოს აქტიურად ებრძვის ნარკოდანაშაულს, პრობლემის სათავე კი ხელშეუხებელი რჩება.
„მესტიაში ბევრ ადგილობრივს აქვს მაინინგი და ამუშავებენ. ეს მათთვის შემოსავლის წყაროა, რომლითაც ადგილზე ბევრ საქმეს აკეთებენ, შვილებს სწავლის ფულს უხდიან და ა.შ.
მესტიის მერიის, ასევე სემეკის გახმოვანებული პოზიცია დაახლოებით იმას ჰგავს, როდესაც მუდმივად ხდება ფონიჭალაში ნარკობარიგების დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ერთი-ორ ადამიანს დააკავებენ და თითქოს ამით უზარმაზარ პრობლემას ებრძვიან. ახლაც ალბათ გულისხმობენ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი მაინერი აქვთ, რომელიც მათ ათბობთ და პლუს აძლევთ თანხას. ისინი გაუტოლეს ნარკორეალიზატორებს და ალბათ, აპირებენ დაჰყვნენ მოსახლეობის სახლებს და თითო მაინერი ამოიღონ. ამას ტაშს დაუკრავს საზოგადოება, მაგრამ მთავარი პრობლემა ისევ დარჩება.
არც ერთი რეიდი არ ჩატარებულა ელექტროენერგიის რეალურად დიდ დამტაცებლებთან. ლოგიკურად, იბადება კითხვა - რატომ? თუ ამხელა პრობლემაა მაინერები, რატომ არ ხდება მათი გამოვლენა. მეორე მხრივ, მაინერების შემთხვევაში ვერ მოიტყუები. ე.წ. „ჰაშ რეითი“ საქართველოში გაზრდილი არ არის. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მაინერების რაოდენობა გაზრდილია“,- აღნიშნა ავთანდილ კუჭავამ.
როგორც მან განმარტა, სვანეთში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო იქმნება, რომლის განახლებისთვისაც არაფერი კეთდება.
„რეალურად, პრობლემა მაინერების ჩართვა კი არ არის, არამედ მოძველებული ინფრასტრუქტურა. საბჭოთა კავშირის შემდეგ ქსელები არ განახლებულა. ტრანსფორმატორებიც მხოლოდ იმის გამო დადგეს რომ მეტი ელექტროენერგია სჭირდება დიდ კრიპტომოწყობილობებს.
მხოლოდ ერთი მაინერი მოიხმარს იმდენივე ელექტროენერგიას, რასაც ერთი ელექტროგამათბობელი. უფრო ზუსტად, ელექტროღუმელს უფრო მეტი დენი სჭირდება. კრიპტომაინინგი, რომელიც ადგილობრივებს უდგათ - L7, იმით არის კარგი, რომ მისი გამომუშავებული თანხა ადგილობრივებს და ადგილობრივ ეკოსისტემას ხმარდება. შემოსავალი თვეში დაახლოებით 1000 დოლარი აქვთ ამით ადამიანებს. თვითონ მერიამ რა გააკეთა მოსახლეობისთვის, რომ ადამიანებს ეს შემოსავალი წაართვას?“, - განაცხადა ავთანდილ კუჭავამ.
მან მიკროჰესების მშენებლობებისთვის ნებართვის მოპოვების სირთულეებზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩემი პოზიციით, პრობლემა მაინერები კი არა, ისაა, რომ მოსახლეობის წარმომადგენლებს მიკრო ჰესების მშენებლობის ნებართვას არ აძლევენ, თუ ვინმე წილში არ ჩაუჯდება მაღალი ეშელონებიდან. ასევე, ვიღაცებს წინასწარ აქვთ ნაყიდი ლიცენზიები და ვინმეს, საკუთარ ტერიტორიაზე მიკრო ჰესის აშენება რომ მოუნდეს, ლიცენზია იმისგან უნდა შეიძინოს, ვისაც ეს წინასწარ აქვს ნაყიდი.
თითო მაინერების პატრონები შიშში და შანტაჟში ჰყავთ. მიმდინარეობს მათი გაშავება, თუკი ხმას ამოიღებენ. რეალურად, მათი წილი ელექტროენერგიის მოხმარებაში მინიმალურია. პრობლემას ქმნის ის, რომ ელექტროენერგიის 50%-ს მიწოდებისას კარგავენ ქსელის უხარისხობის და გაუმართაობის გამო. კაბელები ღობეებზე და ხეებზე არის გაყვანილი. თუ ვინმეს არ სჯერა, ავიდეს სვანეთში და ნახოს“, - განმარტა „კრიპტო ბაზრის“ დირექტორმა.
მისი თქმით, კრიპტომაინინგები კი არ უნდა გამოირთოს, პირიქით, ამ ბიზნესის განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს და საქართველოში მაინინგი ყველას უნდა ჰქონდეს ჩართული.
„მაინერებმა გამოაცოცხლეს სვანეთი. ადგილობრივებს რომ მაინერები არ ჰქონოდათ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იქნებოდნენ. მაინერებამდეც სვანეთში დღეში სამჯერ ითიშებოდა დენი. ამიტომ კრიპტომაინინგები კი არ უნდა გამოირთოს, ინფრასტრუქტურა უნდა განახლდეს. დაასახელონ ბიზნესის სხვა სფერო, რომელმაც ასეთი ეკონომიკური დოვლათი მოუტანა მოსახლეობას. ამიტომ, მხოლოდ მესტიაში კი არა, კრიპტომაინინგები. მთელ ქვეყანაში, ყველას უნდა გვქონდეს ჩართული“,- განაცხადა ავთანდილ კუჭავამ.
წყარო: Bpn.ge