ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ რუსეთის გავლით „ბევრი საქონლის“ ტრანზიტის აკრძალვას, რომელიც შესაძლოა შევიდეს უკრაინის ომისთვის სანქციების მეთერთმეტე პაკეტში, წერს Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ასევე, მათივე თქმით, შესაძლებელია ცალკეული ზომების მიღება გემების მიმართ. გარდა ამისა, სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი კიდევ 30 რუსს შავ სიაში შეიყვანს. მაგრამ ვისზეა საუბარი, არ არის დაკონკრეტებული.

ამავდროულად, აშშ და იაპონია ამზადებენ საკუთარ სანქციებს. ქვეყნები ახალ შემზღუდველ ზომებს თავად მიიღებენ, თუმცა მათი კოორდინაცია წინასწარ იგეგმება, აღნიშნავს Bloomberg.

შემდეგი შეზღუდვების მთავარი მიზანია რუსეთისთვის უკვე არსებულ ზომებში „ღრმულების“ დახურვა. სანქციები სავარაუდოდ გამოცხადდება G7 ლიდერების (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ) სამიტზე მაისის შუა რიცხვებში.

მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნებმა შესაძლოა განიხილონ რუსეთში ექსპორტზე სრული ემბარგოს დაწესება. საკითხთან დაკავშირებით ცნობილი წყაროების თქმით, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი მიწოდება აიკრძალება, გარდა საქონლისა, რომელზედაც გავრცელდება გამონაკლისი. ისინი, სავარაუდოდ, მედიკამენტები და საკვებია.

თითქმის სრული საექსპორტო ემბარგო დაეხმარება დასავლეთს შეწყვიტოს რუსეთში აკრძალული საქონლის მიწოდება მესამე ქვეყნების მეშვეობით „პარალელური იმპორტის“ საშუალებით. ეს გაზრდის ზეწოლას რუსეთის ეკონომიკაზე, რომლის მიზანია აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეაჩეროს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

აშშ იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს ევროკავშირის ქვეყნებს შეუერთდნენ საექსპორტო ემბარგოს, მაგრამ ეს შეიძლება რთული იყოს. გერმანია, იტალია და პოლონეთი, მიუხედავად ომისა და სანქციებისა, აგრძელებენ რუსეთთან ვაჭრობას და წელიწადში 5-13 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელს აწვდიან.

მანამდე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა ევროკავშირის მეთერთმეტე სანქციების პაკეტის ფარგლებში მოითხოვეს გაზპრომბანკის SWIFT-დან გათიშვა და რუსეთიდან გაზისა და ალუმინის იმპორტის აკრძალვა, წერს EuObserver. ახალი შეზღუდვები შესაძლოა მაისის მეორე ნახევრიდან დაწესდეს, იტყობინება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სანდრო პირველი