„სავალუტო კურსის კიდევ უფრო გამყარება შეიძლება, დაახლოებით, 2.5 -მდე“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ ლარის გამყარების ტენდენციაზე ისაუბრა და განმარტა, რა ფაქტორები ახდენს გავლენას ვალუტის კურსზე.

„ვხედავთ, ვალუტის კურსი როგორ გამყარდა, მარტო ბოლო 9 თვეში კურსი თითქმის 20%-ითაა გამყარებული, ახლა უკვე 2, 6-ს ჩამოსცდა. როდის იყო ასე ბოლოს? წლების წინ. წინა წლის შუაში კურსი 3,20 იყო, ახლა 2,60-ს ქვემოთაა.

ეკონომიკის მზარდი დინამიკა, გაზრდილი ინვესტიციები, რომელიც უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა, გაზრდილი ექსპორტი, რომელიც ეკონომიკურ ზრდაში პირდაპირ მონაწილეობს – ეს ყველაფერი სავალუტო კურსზე პოზიტიურად აისახება.

ტურიზმი 2019 წელთან შედარებით მარტო აღდგენილი კი არ არის, არამედ, შემოსავლები უკვე 2019 წლისაზე გაცილებით მაღალია, დაახლოებით, 19%-ით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ჩვენ ამ დინამიკაში შევხედავთ, სავალუტო კურსის კიდევ უფრო გამყარება შეიძლება, დაახლოებით, 2.5 -მდე. ეს მოსალოდნელია ამ წლის ბოლოსაც კი”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მანვე განმარტა, რატომ შემცირდა ინფლაციის მაჩვენებელი.

„რაც შეეხება ინფლაციას: მნიშვნელოვანია გარედან იმპორტის მაჩვენებელი, ანუ იმპორტირებული ინფლაცია, როდესაც ქვეყანაში გაძვირებული პროდუქცია შემოდის. ინფლაცია, სამწუხაროდ, ყველა იმ ქვეყანაშია მაღალი, საიდანაც პროდუქცია შემოგვაქვს, ესაა თურქეთი, რუსეთი, ევროკავშირი. ინფლაცია ევროკავშირში თითქმის 18%-ია, ეს მაღალი მაჩვენებელია. ჩვენთან ბოლო 2 წელში მაქსიმუმ 14% იყო.

დღეს პირველად ინფლაცია 8,4% გვაქვს. ეს აჩვენებს იმას, რომ თუ ეს დინიმიკა გაგრძელდება, ჩვენ ამ წელს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე გავალთ, რომელიც ეროვნულ ბანკს 3-4% აქვს. აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ის დიაპაზონში იქნება.

ეს თითოეული ადამიანისთვის შვება იქნება, რადგან, შემცირებული ინფლაცია, შემცირებული ფასებია, პირველ რიგში, სასურსათო პროდუქციაზე, მეორე რიგში კი საწვავზე. ღონისძიებებმა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ინფლაციიას შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. რამ შეამცირა ინფლაცია: ერთი მხრივ, სავალუტო კურსის გამყარებაა, მეორე მხრივ, კი მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ფასებზე ზეგავლენა მოეხდინა. ის რომ საქართველოში სასურსათო პროდუქცია 100%-იანი ფასნამატით იყიდება, არანორმალურია. ეს ზემოგებაზე მუშაობაა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.