რუსეთში მცხოვრებ ემიგრანტებს შესაძლოა აეკრძალოთ საზღვარგარეთ იმ თანხის მოცულობაზე მეტის გადარიცხვა, რომელიც მათ ოფიციალურ ხელფასს აღემატება. თუ გადარიცხვა დადგენილ ოდენობაზე მეტია, მიგრანტებს შემოსავლის დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენა მოუწევთ.
როგორც kp.ru წერს, ასეთი მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკს დეპუტატებმა ალექსეი ნეჩაევმა, სარდანა ავქსენტიევამ და ვლადიმერ პლიაკინმა გაუგზავნეს.
„ფინანსური ტრანზაქციების გამჭვირვალობის გაზრდის, ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო შემოსავლების გაზრდისა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ მოქმედი კანონმდებლობის შესწორების საკითხის განხილვას“, - ნათქვამია მიმართვის ტექსტში, რომელიც kp.ru-მ მოიპოვა.
2023 წელს რუსეთში მყოფმა შრომითმა მიგრანტებმა თავიანთ სამშობლოში ფულადი გზავნილების მოცულობით რეკორდი დაამყარეს. ოდენობამ 18 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს ფაქტი მიუთითებს გადარიცხვების მნიშვნელოვან გავლენას ფულის მიმღები ქვეყნების ეკონომიკაზე.
თუმცა, „ახალი სახალხო პარტიის“ დეპუტატების თქმით, ბევრი მიგრანტი არ იხდის გადასახადებს და რუსეთში სოციალური სერვისებით სარგებლობს. მათ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ხელს უნდა უწყობდეს ფინანსური ტრანზაქციების, გადასახადების გადახდის კონტროლის გაძლიერებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თავიდან აცილებას.