2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445 მლნ აშშ დოლარი (1190.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.7% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92% მოდიოდა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.3 მლნ აშშ დოლარი (70.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის იანვრის (23.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.7%-ით მეტია.
ქვეყნებს შორის 60.1%-ით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია - იანვარში ამ ქვეყნიდან 267.6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგური პერიოდის მაჩვენებელზე 1 096%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 15.8%-ით დაიკლო წინა თვესთან შედარებით - დეკემბერში ნაკადების მოცულობა 317.3 მლნ აშშ დოლარი იყო.
2023 წლის პირველ თვეში გადმორიცხვების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ათეული შემდეგნაირია:
- რუსეთი - 268 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით +1096%;
- იტალია - 40 მილიონი დოლარი,+19%;
- აშშ - 29 მილიონი დოლარი, +41%;
- საბერძნეთი - 18 მილიონი დოლარი, +7%;
- ისრაელი - 17 მილიონი დოლარი, +15%;
- გერმანია - 14 მილიონი დოლარი, +62%;
- ყაზახეთი - 9 მილიონი დოლარი, +32%;
- თურქეთი - 8 მილიონი დოლარი, +26%;
- ყირგიზეთი - 5 მილიონი დოლარი, +60%;
- ესპანეთი - 4 მილიონი დოლარი, +5%.