არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" ლარის კურსის მერყეობას და ეროვნული ბანკის ინტერვენციებს ეხმიანება. ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა ეხმაურება სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის სწორი და ინტერვენციები, რომელსაც სებ-ი ახორციელებს ლარის კურსის სტაბილურობისთვის, უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ბაზარზე ეროვნული ვალუტის მოკლევადიან რყევებს კვლავ ექნება ადგილი.
აფბას შეფასებით, დღეს მაკროეკონომიკური პარამეტრები იმდენად ჯანსაღია, რომ არ არსებობს არანაირი ობიექტური გარემოება, რაც ეროვნული ვალუტის მსგავს რყევებს უნდა იწვევდეს. უფრო კონკრეტულად, საქსტატის სექტემბრის თვის მონაცემებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, 17%-ითაა გაზრდილი საქონლის ექსპორტი, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ კი 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ჩვენს მოსაზრებას ადასტურებს სებ-ის გუშინდელი განცხადებაც, სადაც ითქვა, რომ გაცვლით კურსზე გავლენა მოახდინა ერთჯერადმა მსხვილმა ტრანზაქციებმა და ეროვნული ბანკის ინტერვენციაც ამით იყო განპირობებული.
ფაქტია, რომ საარჩევნო პერიოდში ეროვნული ვალუტის მიმართ მოლოდინები კიდევ უფრო გამძაფრებულია და შესაბამისად, სებს მართებს სწრაფი რეაგირება, რათა ნებისმიერი რისკის დროული პრევენცია მოახდინოს და არ დატოვოს არანაირი სპეკულაციის საფუძველი ლარის კურსის მიმართ.
როგორც წესი, არჩვენები და მწვავე პოლიტიკურ პროცესები გავლენას ახდენს, როგორც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე, ისე მატ შორის, ეროვნულ ვალუტაზე. შესაბამისად, წინასაარჩევნო თუ არჩევნების შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ლარის სტაბილურობას საფრთხე, განსაკუთრებით, სპეკულაციური ხასიათის საფრთხე არ დაემუქროს.
მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, სებ-მა უნდა გააგრძელოს სავალუტო ინტერვენციები, რათა ლარის ,სპეკულაციური ხასიათისა თუ სხვა შესაძლო მიზეებიდან გამომდინარე, მოკლევადიანი მერყეობა დროულად შეაჩეროს, ლიკვიდობის პრობლემა არ შეიქმნას და ლარის მნიშვნელოვანი დევალვაცია თავიდან აირიდოს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სავალუტო რეზერვების მოცულობა, სექტემბრის თვის მონაცემებით 4.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
და ბოლოს, აფბა მოუწოდებს პოლიტიკურ გაერთიანებებს, საარჩევნი კამპანიის წარმოებისას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ეროვნული ვალუტის მიმართ სპეკულაციური განცხადებებისგან, ვინაიდან ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად", - ნათქვამია „აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.