შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით გათვალისწინებულია ლოჯისტიკური მარშრუტების დატვირთვა, პორტების დატვირთვა, მშპ-ზე და ეკონომიკის ზრდაზე, დასაქმებაზე ზეგავლენა, ასევე მწვანე სერტიფიკატებით ევროპაში ვაჭრობის დამატებითი სარგებელი და შესაძლებლობები, რომელიც ჩვენი განახლებადი ენერგიის მწარმოებელ კომპანიებს მიეცემა,- ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებული ინტერნეტ კაბელი დააკავშირებს დიდ ბაზარს აზიასა და ევროკავშირს, რაც საქართველოს ერთ-ერთ ძირითად მონაცემთა ჰაბს გახდის.
„შავი ზღვის კაბელის პროექტი შედგება ორი კომპონენტისგან. ეს არის ძალოვანი კაბელი და მონაცემთა, ანუ ინტერნეტის კაბელი. ჩვენ დღეს ფორუმზე ორივე პროექტი გვქონდა განხილული.
შავი ზღვის კაბელის პროექტი ხელს უწყობს დაკავშირებადობას. ხელს უწყობს აზიისა და ევროპის დაკავშირებას, როგორც განახლებადი ენერგიის მიმოცვლის კუთხით, ასევე მონაცემების და ინტერნეტის მიმოცვლის კუთხითაც.
ჩვენ წარვადგინეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგები. მოგეხსენებათ, რომ 2024 წელს დასრულდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელმაც დააზუსტა პროექტის ბიუჯეტი, ასევე ის ბენეფიტები, რომელიც უნდა მიიღოს თითოეულმა ჩართულმა მხარემ.
ალბათ, იცით, რომ მისი ბიუჯეტი არის დაახლოებით 3 მილიარდი ევრო, თუმცა ბენეფიტები გაცილებით უფრო მეტია. ეს არის გამოწვეული როგორც სოციალურ-ეკონომიკური სარგებლიდან, ანუ ფასთაშორის სხვაობიდან გამომდინარე ბენეფიტები, ასევე, ეს არის განახლებადი ენერგიების განვითარება და ხელშეწყობა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს რეგიონში. სხვა დამატებითი სარგებელიცაა გათვალისწინებული ამ პროექტში, ეს არის ლოჯისტიკური მარშრუტების დატვირთვა, ასევე პორტების დატვირთვა, მშპ-ზე და ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენა, დასაქმებაზე ზეგავლენა, ასევე მწვანე სერტიფიკატებით ევროპაში ვაჭრობის დამატებითი სარგებელი და შესაძლებლობები, რომელიც მიეცემა ჩვენი განახლებადი ენერგიის მწარმოებელ კომპანიებს. მათ მიეცემათ საშუალება, რომ ფიზიკური დაკავშირებადობის შემდეგ გაიტანონ მწვანე სერტიფიკატები, გაყიდონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ.
პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ინტერნეტის მიმოცვლის კუთხით, მონაცემების საიმედოობის და დამოუკიდებლობის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს არ არის გათვალისწინებული მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. ინტერნეტ კაბელი დააკავშირებს ძალიან დიდ ბაზარს აზიაში ჩინეთის ჩათვლით ევროკავშირთან, რაც ჩვენს ქვეყანას გახდის ერთ-ერთ ძირითად მონაცემთა ჰაბს, გაცვლის წერტილს.
ახლა ძალიან მალე, ვიწყებთ შავი ზღვის ფსკერის კვლევას. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩატარდეს გეოფიზიკური, გეოტექნიკური კვლევები, რათა დაზუსტდეს მარშრუტი, ამას დასჭირდება გარკვეული დრო. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ გადავიდეთ სამშენებლო ეტაპზე.
რაც შეეხება ძალოვანი კაბელის პროექტს. ჩვენ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით ორი სცენარი გვაქვს გათვალისწინებული, ეს არის 2031 წელი და 2033 წელი, როგორც დასრულების და ექსპლუატაციაში შესვლის წელი. ეს დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორებზე.
ჩვენ ტექნიკურ და ეკონომიკურ დონეზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ევროპის გადამცემ სისტემის ოპერატორების გაერთიანებასთან, ასევე ევროკომისიასთან და ენერგეტიკულ დირექტორატთან. არანაირი შეფერხება ამ კუთხით არ გვიგრძნია. პირიქით, ბოლო კვლევები და ინტერაქციები ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველო-რუმინეთის დაკავშირებადი ხაზი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ფიზიკურად ასე ჩანდეს, ეს არის რეგიონული პროექტი. როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ისე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის.
კონსულტაციები მიმდინარეობს. სულ რაღაც 2 დღის წინ, მივიღეთ ინფორმაცია, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტი ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანებამ უკვე შეიტანა 2026-36 წლების 10-წლიანი განვითარების გეგმაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.