კახეთის მთავარ მოვლენას, გურჯაანის ღვინის ფესტივალს, რომელსაც 9 წლიანი ისტორია აქვს, მეღვინეობის ქალაქმა  მასშტაბურმა უმასპინძლა. წელს, ფესტივალმა  546 მეღვინე და მეწარმე  გააერთიანა, რომელსაც 50 ათასზე მნახველი სტუმრობდა.

ფესტივალმა  სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალსა თუ ნახევრად ტკბილს, ახლად დადუღებულ თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს ერთ სივრცეში, გურჯაანში, ახტალას პარკში მოუყარა თავი, რომელსაც  სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეულმა შეფებმა და ადგილზე შექმნილმა ავთენტურმა კერძებმა დაამშვენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეგუსტაციის სივრცეში  წარმოდგენილი 200 ქართული მეღვინეობის სასმელი დაეგემოვნებინათ.  მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის მზადებასა და თონეში ტრადიციული პურის ცომის ცხობასა და საწნახლელში ყურძნის დაწურვაში.

ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისღვინის ეტიკეტებისა და ძველი ქართული ღვინისა და მეღვინეობის წიგნების გამოფენები.ასევე გაიმართა ღვინის წარმოების ძველი ხელნაწერების ჩვენება, სომელიეს შოუ, B2B შეხვედრები, სხვადასხვა მასტერკლასები და ა.შ

“გურჯაანის ღვინის ფესტივალი საუკეთესო საშუალებაა, როგორც დამწყები,  ასევე უკვე ცნობილი მეღვინეობებისთვის, რათა საკუთარი ღვინო დიდ აუდიტორიას წარუდგინონ. ამასთან, ფესტივაი ეს არის შესაძლებლობა შევხვდეთ ახალ ადამიანებს და ამ სფეროში სახელი დავიმკვიდროთ. ფესტივალში ჩვენი მეღვინეობა 2022 წლიდან აქტიურად მონაწილეობს. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია ჩვენთვის. პირველ წელს ძალიან ვღელავდით, რადგან ეს ახალი გამოცდილება იყო. მაშინაც და ახლაც აჟიტირებით ველით ფესტივალს, რომელიც მრავალ შესაძლებლობას გვაძლევს როგორც ჩვენ, ასევე საქართველოს სხვა მეღვინეებსაც. ყველას ვურჩევდი მონაწილეობა მიიღოს გურჯაანის ღვინის ფესტივალში, - აღნიშნავს ანი ამირაძე, “გიო პაპას ვენახებიდან”

ფესტივალი იყო თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში ნებისმიერი ასაკის ადამიანმა  შეძლო საინტერესოდ გაატარებინა დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი შესაძლებლობებით სავსე პლატფორმაა, სადაც ერთიანდება ტრადიცია, კულტურა და თანამედროვე ტურისტული გამოცდილება. იგი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ისე საქართველოს ღვინის, როგორც ეროვნული ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ფესტივალი ხაზს უსვამს კახეთის ღვინის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობას, რაც ქვეყნის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ასევე, IWSC  wine judging in Georgia-ს გამარჯვებული ღვინოები. დამსწრეებს ადგილზე შეეძლოთ დააგემოვნებინათ სხვადასხვა სასმელი,“ - აღნიშნავს გურჯაანის ღვინის ფესტივალის ამბასადორი შოთა ნატროშვილი.

წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინო იყო - სასმელი, რომელმაც საუკუნეების გზა გამოიარა, მოერგო სხვადასხვა ეპოქის ჰანგებს, მაგრამ არასდროს დაკარგა თავისი პირველქმნილი ხასიათი – ის, რამაც საქართველო ღვინის სამშობლოდ აქცია. როგორც ქართულ პოლიფონიაში სხვადასხვა ხმა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ერთიან, განუმეორებელ ჟღერადობას, ასევე ნამდვილი ღვინო არის გემოების, არომატებისა და შეგრძნებების პოლიფონია.

“გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ვმონაწილეობთ მეორედ. ფესტივალი ღირებული და მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის, მისი მეღვინეობისთვის და მცირე მარნებისთვის. ფესტივალის დახმარებით გვაქვს საშუალება შევხვდეთ დიდ დაინტერესებულ აუდიტორიას. აქ საშუალება გვაქვს ზუსტად იმ ხალხს დავაგემვნებინ ჩვენი ღვინო, რომელთათვისაც მეღვინეობის სფერო საინტერესო,ნაცნობი და საყვარელია. ჩვენ ორგანიზატორების მადლიერი ვართ ამისთვის.  იმედი გვაქვს, რომ ყოველ წელს შევძლებთ მონაწილეობის მიღებას და ფესტივალთან ერთად განვითარებას,“ - გვიყვება მარიამ ხანჯალიაშვილი, “ჭაბუკიანის მარანი”

გურჯაანის ღვინის ფესტივალი სწორედ, ამ უწყვეტი ისტორიის გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ქართული ტრადიცია ყოველწლიურად ცოცხლდება და წელს, ღვინის მრავალხმიანობა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს.

 “თელიანი ველი” ტრადიციულად, წელსაც მონაწილეობს გურჯაანის ღვინის ფესტივალზე. ფესტვალი ყოველ წელს უკეთესი და უკეთესი ხდება და ჩვენი მეღვინეობა ამ გზაზე მისი თანამგზავრია. ვულოცავ ორგანიზატორებს ფესტივალის წარმატებას. ეს ღონისძიება არის სახალხო, ყოველწლიური ღვინის დღესასწაული და ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, რომელიც საქართველოში ტარდება. პრემიუმ სივრცე, რომელიც წელს პირველადაა ფესტივალზე, უფრო შემეცნებითი დატვირთვის მქონეა, რაც ჩვენთვის სასიხარულოა.  ხალხი დაინტერესებულია და უსმენს სპიკერებს, რომლებიც ღვინის სფეროზე საინტერესო ინფორმაციას აწვდიან მათ და ზრდიან ინტერესს მისდამი,“ - განაცხადა “თელიანი ველი დირექტორმა ირაკლი ბოკუჩავა

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2025-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი კი - მეღვინეობა თელიანი ველი.

ფესტივალის სპონსორები: m², ბოლერო, გურჯაანის ნაყინი, საქპატენტი, ბორჯომი, ბაკურიანი.


მხარდამჭერები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ფესტივალის პარტნიორები: IWSC და ჯეპრა

მასპინძელი: გურჯაანის მერია

ფესტივალის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, გურჯაანი ტვ, commersant.ge, ბიზნესპოსტი, Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, 
Entrepreneur, travelnews.ge, რადიო უცნობი.