„საქართველო აფასებს ხანგრძლივ ურთიერთობას აშშ-სთან და ამერიკელი ინვესტორების ნდობას საქართველოსადმი“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისა და ამერიკული და გლობალური საინვესტიციო კომპანიების ინვესტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ J.P. Morgan -ის, Morgan Stanley-ის, Vontobel-ის, Currency Exchange Fund-ის, Bank of America-სა და Janus Henderson Investors-ის მაღალი რანგის მენეჯერები.

სებ-ის გუნდმა საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის, ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტებისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

აღინიშნა, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობა ნარჩუნდება, ინფლაცია კი უკვე 19 თვეა 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლაა და ეს შედეგი, პირველ რიგში, სწორი მონეტარული პოლიტიკის დამსახურებაა. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ ეკონომიკური ზრდა ძლიერია და 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საშუალო ზრდამ 9.8% შეადგინა.

ნათია თურნავას განცხადებით, გასულ წელს აშშ-დან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 182 მლნ. დოლარი შეადგინა.