“მსოფლიო ეკონომიკის ისტორია არის იმის ილუსტრაცია, რომ მხოლოდ, საფონდო ბაზრის ამოქმედებით არის შესაძლებელი არა მხოლოდ ეკონომიკის სწრაფი და პროგრესული ზრდა, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებით, არამედ ამ ზრდის მთავარი ინსტრუმენტის გრძელი და იაფი ფულის გაჩენა ქვეყანაში!”, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.
ბანკები და ფინანსები ცუცქირიძის სტატუსს, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ:
“სასურსათო პროდუქციაზე 100%-იანი ფასნამატით ვაჭრობის მაჩვენებლებმა, მთელი სიცხადით აჩვენა ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე ჩარევის აუცილებლობა, კონკურენციის სააგენტოს აქტიური ჩართულობით, და მეორეს მხრივ, კონკურენციის გაზრდის აუცილებლობა, ბაზრის უფრო მეტად გახსნით, რაც პირველ რიგში მაღალი იმპორტდამოკიდებულების შემცირებას და შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
სამწუხარო რეალობაა, რომ საბანკო კრედიტზე ხელმიუწვდომელობის გამო, სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობა მაინც დაბალია, განსაკუთრებით მცირე და მიკრო ბიზნესის მხარდასაჭერად. აქ პროგრამა “აწარმოე საქართველოში” კომპონენტებსაც ვგულისხმობ და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროგრამებსაც, თავისთავად.
თავის მხრივ, საბანკო კრედიტზე ხელმიუწვდომლობა, როგორც მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამოა პრობლემური, არამედ უზრუნველყოფის მაღალი მოთხოვნის გამოც.
მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი საპროცენტო მარჟა არის არა შედეგი, მაღალი რისკებისა, არამედ დიდწილად ბაზარზე არსებული და წლობით მზარდი საბანკო ოლიგოპოლიზაციისა.
თვალსაჩინოებისათვის 2022 წლის მიხედვით, საბანკო მომსახურების ბაზარი 14 კომერციული ბანკით იყო წარმოდგენილი, სადაც ბაზრის კონცენტრაციის დონე არა თუ მაღალია, არამედ ბოლო წლებში კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი. აქედან, უმსხვილესი ორი სისტემფორმირებადი კომერციული ბანკის(თი ბი სი ბანკი და საქართველოს ბანკი) წილი სისტემის მთლიან აქტივებში 74 % -ია, საკრედიტო პორტფელი-73 %-ია, ხოლო წმინდა მოგების წილი სისტემის მთლიანი მოგების 75 %-ს შეადგენდა. ნიშანდობლივია, რომ 2015 წელთან შედარებით, როდესაც სისტემა 21 კომერციული ბანკით იყო წარმოდგენილი, წამყვანი ორი სისტემფორმირებადი ბანკის საბაზრო წილი გაზრდილია 20 პროცენტული პუნქტით.
ნიშანდობლივია, რომ საქართველოში გაცილებით მაღალია ბაზრის კონცენტრაცია ანუ სისტემფორმირებადი ბანკების(5 % და მეტი წილის ფლობა მთლიან სისტემაში) ხვედრითი წილი სისტემის მთლიან აქტივებთან, ვიდრე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებშია.
შედარებისთვის, საქართველოს საბანკო მომსახურების ბაზარი უფრო კონცენტრირებულია, ვიდრე 2018 წლის მონაცემებით დიდ ბრიტანეთში (CR5 = 33%, HSBC Holdings, Barclays, Lloyds Banking Group, Standard Chartered, Nationwide Building Society), საფრანგეთში( CR5 =40%, Credit Agricole, BNP Paribas, Societe Generale, Groupe BPCE, Credit Mutuel), იტალიაში (CR5 =27%, Intesa Sanpaolo, UBI Banca, Banco Popolare, Mediobanca), გერმანიაში (CR5 =22%,Deutsche Bank, Commerzbank, DZ Bank, Landesbank Berlin Wurttemberg(LBBW), Bayerische Landesbank, Norddeutsche Landesbank (Nord LB), Helaba Bank, Hypo Real Estate Holding, WGZ Bank).
ნიშანდობლივია, რომ ევროპის ამ ქვეყნების სისტემური ბანკები შედიან, არა თუ ევროპის, არამედ მსოფლიოს უმსხვილესი საბანკო ჯგუფების ასეულში, ხოლო ლიდერი ბანკები სულაც პირველ ოცეულში არიან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული საბანკო ბაზრის კონცენტრაციის ნაკლებ სასურველ და ასიმეტრიულ ხასიათს.
ბაზრის მაღალი კონცენტრაცია ატარებს მაღალ სისტემურ რისკებსაც, რადგან კრიზისი რომელიმე ამ ტიპის ბანკში, რისგანაც დაზღვეული ვერავინ იქნება, განსაკუთრებით გლობალური შოკებისას, მთელ სისტემაზე დომინოს ცნობილ ეფექტით იმოქმედებს, უკეთეს შემთხვევაში კი ისევ სახელმწიფოს ანუ ბიუჯეტის გადასახდელი იქნება, ამის არაერთი მაგალითია და ისლანდიის საბანკო კრიზისიც საკმარისი უნდა იყოს!
საბანკო კონკურენციის გაზრდა და ოლიგოპოლიური ფასწარმოქმნის შემცირება შესაძლებელია საბაზრო, ასევე ნაკლებ საბაზრო მიდგომების შედეგად.
ნაკლებ საბაზრო მოდელად შეიძლება განიხილებოდეს სისტემურ ჭრილში ბანკების აქტივებზე ლიმიტის დადგენა, მაგალითად 15-20 %-მდე, რაც წამყვან ბანკებს აიძულებს მოიცილონ აქტივების ნაწილი, სხვა ძირითადად ე. წ მეორე ეშელონის ანუ 5 პროცენტთან ახლოს მდგომი ბანკებისათვის მიყიდვის გზით.
თავის დროზე სებ ის მთავარი სტრატეგიული შეცდომა იყო, როდესაც ბაზრიდან გასული ბანკების აქტივ-პასივები ამ ორ ბანკზე გადანაწილდა, რითაც კიდევ უფრო მაღალი გახდა მონოპოლიების ტენდენცია.
წმინდა საბაზრო მექანიზმებიდან, საბაზრო კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს როგორც ახალი მოთამაშეების ბაზარზე შემოყვანით, პირველ რიგში წამყვანი ევროპული ბრენდების, ასევე მეორე ეშელონის და შედარებით მცირე ზომის ბანკების აქტივების ზრდით, მათ შორის მათი ნაწილის გაერთიანების შედეგად!
არსებული საბანკო სისტემა კი არ უნდა დაინგრეს, არამედ კონკურენცია უნდა გაიზარდოს, მთლიანად საფინანსო სექტორში. საფონდო რეფორმის ფარგლებში საფონდო ბაზრის ზედამხედველობა უნდა გამოვიდეს ეროვნული ბანკის ფუნქციიდან და ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდეს ფასიანი ქაღალდების კომისიის სახით. ამასთან, ბანკებს უნდა შეეზღუდოთ საფონდო ბაზრის მესაკუთარეობის უფლება.
მსოფლიო ეკონომიკის ისტორია არის იმის ილუსტრაცია, რომ მხოლოდ, საფონდო ბაზრის ამოქმედებით არის შესაძლებელი არა მხოლოდ ეკონომიკის სწრაფი და პროგრესული ზრდა, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებუთ, არამედ ამ ზრდის მთავარი ინსტრუმენტის გრძელი და იაფი ფულის გაჩენა ქვეყანაში!
ადამ სმიტისეული “ბაზრის უხილავი ხელი”დიდი ხანია ისტორიის საკუთრებად არის ქცეული და იდიოტებისთვის არის შემორჩენილი, ხოლო მონოპოლიები და კარტერული გარიგებები ყველა სფეროში დასანგრევია სასურსათე სფეროში და საბანკო სექტორშიც!”, – წერს ცუცქირიძე.













